ვაშინგტონის ფიასკოს შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა.
ვაშინგტონისგან განსხვავებით, ბრიტანეთში ზელენსკის პატივით დახვდნენ - შაბათს ის თავის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მიიღო, მეორე დღეს კი უკრაინის პრეზიდენტი მეფე ჩარლზ მესამეს ეწვია სენდრინგემის სასახლეში.
იმავე დღეს, ლონდონში თავი მოიყარეს ევროპის სახელმწიფო მეთაურებმა. მათ შეუერთდათ კანადის პრემიერ-მინისტრი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი.
საგანგებო შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის დახმარება და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო იმ ფონზე, როცა ტრამპის და ზელენსკის საჯარო კონფრონტაციამ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ აშშ-ს მიერ უკრაინისა და ევროპის სამხედრო დახმარება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა ოთხი პუნქტი, რაზეც ლიდერები შეთანხმდნენ:
- გააგრძელონ უკრაინის სამხედრო დახმარება და გაზარდონ ეკონომიკური წნეხი რუსეთზე;
- უკრაინა უნდა იყოს წარმოდგენილი ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან;
- სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები თავის თავზე აიღებენ რუსეთის შეკავებას მომდევნო შეჭრისგან;
- უკრაინის დასაცავად და მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩამოყალიბდება სამხედრო კოალიცია.
ზელენსკიმ ლონდონიდან დამატებითი დახმარებაც წაიღო. პირისპირ შეხვედრაზე კირ სტარმერი მას 2,26 მილიარდ ფუნტ სტერლინგს(2,84 მილიარდი აშშ დოლარი) დაჰპირდა თავდაცვის გასაძლიერებლად. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ამ ვალს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით გადაიხდიან.
მეორე დღეს უკრაინას დამატებით 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (2 მილიარდი აშშ დოლარი) დაჰპირდნენ ხუთი ათასი საჰაერო თავდაცვის რაკეტის შესაძენად.
ბრიტანეთსა და საფრანგეთს ასევე აქვთ ინიციატივა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ერთთვიანი ზავი დამყარდეს, რომელიც ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების საწინდარი გახდება. გარდა ამისა, ევროპელ ლიდერებს სურთ, თავად შეიმუშაონ სამშვიდობო გეგმა, რომელსაც მხარეებს წარუდგენენ.
რისი ძალა შესწევს ევროპას?
მთავარი შეკითხვა, რაც 2 მარტის სამიტს თავს დასტრიალებდა, ის იყო, თუ რა უნდა იღონოს ევროპამ იმ შემთხვევაში, აშშ-მ უკრაინის დახმარება რომ შეწყვიტოს და ევროპის დაცვაზე უარი თქვას.
ეს, ფაქტობრივად, ნატოს დასრულების ტოლფასი იქნება და, შესაბამისად, უსაფრთხოების იმ არქიტექტურის, რომელიც ევროპას გასული 80 წლის განმავლობაში იცავდა.
„ჩემთვის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად ევროპა ისე გავაძლიეროთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აშშ-სგან დამოუკიდებლობას მივაღწიოთ“, - თქვა 23 თებერვალს, გერმანიის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, გამარჯვებული პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც რამდენიმე კვირაში გერმანიის კანცლერი უნდა გახდეს.
თავისი პოტენციალის გამო, გერმანიას საკვანძო როლი აქვს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, მაგრამ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ამჟამინდელი კანცლერი, ოლაფ შოლცი, ლონდონში უკანა რიგებში იდგა.
თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპის აშშ-ზე დამოკიდებულება წლებია, ყბადაღებული საკითხია. იმ ფონზე, როცა ევროპაში 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დგას, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი საკუთარ თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავს.
2014 წელს ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების სამიზნე მაჩვენებელზე - თითოეულ მათგანს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 2% უნდა გამოეყო თავდაცვის ბიუჯეტისთვის. მაშინ ამ პირობას ნატოს მხოლოდ სამი წევრი სახელმწიფო აკმაყოფილებდა.
10 წლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე, 2%-იან ნიშნულს ნატოს 32-დან 23 წევრი აკმაყოფილებდა.
ამის მიუხედავად, ევროპას თავდაცვისუნარიანობამდე კიდევ ბევრი უკლია. ანალიტიკურ ცენტრ „ბრეიგელის“ მკვლევრების, ალექსანდრ ბურილკოვისა და გუნტრამ ვოლფის შეფასებით, ევროპულ სახელმწიფოებს ყოველწლიურად დამატებით 250 მილიარდი ევრო დასჭირდებათ, რათა საკუთარი ტერიტორიის დაცვა ამერიკელების დაუხმარებლად შეძლონ. ეს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3.5%-მდე გაზრდას ნიშნავს.
თავდაპირველი ამოცანა
სანამ რუსული საფრთხე ევროპას მიადგება, მას უკრაინელი ჯარისკაცები ებრძვიან.
ევროპის წვლილი ამ თვალსაზრისითაც მოკრძალებულია. 2022 წლის იანვრის შემდეგ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა 113 მილიარდი ევრო დახარჯეს უკრაინის დასახმარებლად, რაც მათი მშპ-ს 0.2%-ს უტოლდება.
24 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს უთხრა, რომ წელს უკრაინას ბრძოლისთვის 66 მილიარდი ევრო დასჭირდება.
აქამდე არსებული არაფორმალური შეთანხმების მიხედვით, ამ თანხის 40%-ს უკრაინა გაიღებდა, დანარჩენ 60%-ს კი აშშ და ევროკავშირი გაიყოფდნენ.
ახლა კი, როცა გამორიცხული აღარაა, რომ აშშ-მ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს, ევროკავშირს დამატებით 33 მილიარდი ევროს მოძიება დასჭირდება.
რადიო თავისუფლებამ ნახა გეგმა, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა წარუდგინა. გეგმის მიხედვით, ამ თანხის ნაწილი ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაიღონ, ნაწილი კი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან გამოინახება.
ეს სქემა მოხალისეობრივი იქნება და, შესაბამისად, უნგრეთი ან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფო ვერ შეძლებს მის დაბლოკვას.
ევროკავშირის ლიდერებს საბოლოო შეთანხმების მიღწევა 6 მარტს ბრიუსელში გასამართ სამიტზე სურთ.
ამერიკული ზურგი
იმის მიუხედავად, შეძლებენ თუ არა უკრაინის დასახმარებლად საჭირო სახსრების დამოუკიდებლად გამონახვას, ევროპელი ლიდერების ამჟამინდელი ამოცანა უკრაინისა და აშშ-ის გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენაა.
გაზეთ Financial Times-ის ცნობით, თბილი დახვედრის მიღმა, ევროპელმა ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს, რომ განგრძობით მშვიდობამდე მიმავალი გზა მხოლოდ თეთრ სახლზე გადის.
ევროპას საამისოდ ორი მიზეზი აქვს. ერთი ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ უკრაინაში სამშვიდობო ჯარის ჩაყენება მოუწევთ, სურთ, რომ აშშ-ის გარანტიები უმაგრებდეთ ზურგს. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპა საკმარის თანხას მოაგროვებს, ამერიკულ სამხედრო პროდუქციაზე წვდომის გარეშე თავდაცვა გაუჭირდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში შეხვედრისას უთხრა, რომ ტრამპთან კვლავ საერთო ენა უნდა გამონახოს.
იმავე ღამეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას „ესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლიერია აშშ-სგან მიღებული ყველანაირი დახმარებისთვის“.
„იქნება დიპლომატია მშვიდობისთვის და ჩვენი ერთიანობის შენარჩუნების გულისთვის - უკრაინის, მთელი ევროპისა და ამერიკის“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ფორუმი