ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა რეპუბლიკა სრპსკას ავტონომიის ლიდერს, მილორად დოდიკს. მას ასევე ექვსი წლით ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. სასამართლომ მას ეს განაჩენი გამოუტანა გაეროს წარმომადგენლის გადაწყვეტილების დაუცველობასთან დაკავშირებით.
დოდიკი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან 2023 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აჩერებს ბოსნია-ჰერცეგოვინის უზენაესი სასამართლოსა და ბოსნი-ჰერცეგოვინაში გაეროს უზენაესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების მოქმედებას.
თავად მილორად დოდიკს სასამართლოს მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. განაჩენის გამოცხადების დროს ის იმყოფებოდა რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტის შენობაში, სადაც მისი მხარდამჭერი მიტინგი იმართებოდა. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ის შეკრებილებთან გამოვიდა და თქვა, რომ „არ არსებობს ღელვის მიზეზი“.
მოგვიანებით სასამართლომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოზე არ განხორციელებულა გარეშე ზეწოლა, ის მოქმედებდა სამართლებრივი დებულებების შესაბამისად და იცავდა კანონის უზენაესობას. სასამართლოში აღნიშნეს, რომ დოდიკის სასამართლო პროცესი რთული იყო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლის გამო.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მილორად დოდიკს სანქციები დაუწესეს. აშშ-მა ის დაადანაშაულა კორუფციაში და რეპუბლიკა სრპსკაში პარალელური ინსტიტუტების ჩამოყალიბებით ბოსნია-ჰერცეგოვინის სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაში. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოდიკის მოქმედება „ძირს უთხრის დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებებს, რითაც საფრთხე ექმნება უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას“.
ფორუმი