Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი გმობენ ბოსნიელი სერბების ძალისხმევას, დაბლოკონ ბოსნია-ჰერცეგოვინის ინტეგრაცია ევროკავშირში


ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტი
ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტი

აშშ-მა და ევროკავშირმა 25 დეკემბერს დაგმეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ეთნიკური სერბების გეგმები, დაიბლოკოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.

ქვეყნის სერბთა მიერ მართული ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას დეპუტატებმა 24 დეკემბერს, გვიან საღამოს სახელმწიფო ინსტიტუტებში სერბთა წარმომადგენლებს დაავალეს, დაბლოკონ გადაწყვეტილებების მიღების ნაბიჯები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საჭიროა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ამის პასუხად, აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის საელჩოებმა და ბოსნიაში ევროკავშირის დელეგაციამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმეს სერბთა პარლამენტის მოქმედება და მას უწოდეს "სერიოზული საფრთხე ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისთვის".

"მაშინ, როცა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების ოფიციალური გახსნა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს, პოლიტიკურ ბლოკირებებთან დაბრუნებას ექნება უარყოფითი შედეგები ყველა მოქალაქისთვის, რომელთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას", - წერია განცხადებაში.

რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტმა ეს ნაბიჯები გამოაცხადა რეგიონული ლიდერის, მილორად დოდიკის სასამართლოზე პასუხად - მას აშშ-ის და ბრიტანეთის სანქციები დაეკისრა ქმედებებისთვის, რომლებიც, დასავლეთის მთავრობების ვარაუდით, მიმართულია რეპუბლიკა სრპსკას საბოლოო გამოყოფისკენ ბოსნია-ჰერცეგოვინისგან.

დოდიკს ასამართლებენ ბრალდებებით, რომ არ დამორჩილდა ბოსნიაში უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებებს. მას ხუთ წლამდე ემუქრება პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დოდიკს პოლიტიკაში მონაწილეობაც აეკრძალება.

ეთნიკურად სერბი დეპუტატები აცხადებენ, რომ დოდიკის სასამართლო პოლიტიკურია და ეფუძნება ბოსნია-ჰერცეგოვინაში უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის უკანონო გადაწყვეტილებებს. ეთნიკური სერბების განცხადებით, სასამართლო არაკონსტიტუციურია, რადგან ის შმიდტმა შექმნა და არა დეიტონის ხელშეკრულებამ.

დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა 1992-95 წლების ბოსნიის ომი. მას შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა სამ ძირითად ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს: მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკე ხორვატებს.

დოდიკს, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აქვს გაკეთებული თავისი ერთეულის ადგილზე ბოსნიაში.

დოდიკი უარყოფს სეპარატისტული პოლიტიკის გატარებას ან კითხვის დასმას ბოსნიის სუვერენულობასა თუ ტერიტორიულ მთლიანობაზე.

თუმცა დოდიკს ნათქვამი აქვს, რომ რეპუბლიკა სრპსკას "აქვს პოლიტიკური ბრძოლის უფლება თავისი სტატუსისთვის" დეიტონის ხელშეკრულების ფარგლებში.

დოდიკი ხშირად გამოდის რეპუბლიკა სრპსკას ბოსნიისგან "დისასოციაციის" მოწოდებით - რაც, ვაშინგტონის თქმით, არის "გამოყოფის სხვა სახელი".

ფორუმი

XS
SM
MD
LG