Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საქართველოსთვის „ომში ჩართვა“ არ გვითხოვია. რაც ვთხოვეთ, არის შემდეგი… - ბრიტანეთის ელჩი

საქართველოსთვის „ომში ჩართვა“ არ გვითხოვია. რაც ვთხოვეთ, არის შემდეგი… - ბრიტანეთის ელჩი


ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი განმარტავს, რა ორი მოთხოვნა ჰქონდა დასავლეთს საქართველოსგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი განმარტავს, რა ორი მოთხოვნა ჰქონდა დასავლეთს საქართველოსგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი, განმარტავს, რომ არ არის მართალი, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას სთხოვდა. ის ჩამოთვლის, რას სთხოვდა ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს: სანქცირებული საქონლის დაუშვებლობასა და ფინანსური [საბანკო] სანქციების აღსრულებას.

„ბევრ ჩვენგანს სმენია, თითქოს დასავლეთს - ასევე, სხვადასხვა ტერმინს იყენებენ, - სურს, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი ან გააკეთოს რაიმე საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ეკონომიკის დასაზიანებლად, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე. ეს, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ელჩმა უორდმა.

„ეს არ არის ის, რაც ჩვენ ვითხოვეთ. ის, რაც ჩვენ - გაერთიანებულმა სამეფომ - მოვითხოვეთ, არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, როგორც სატრანზიტო პუნქტი საბრძოლის ველზე გამოსაყენებელი ტვირთისთვის“, - განაცხადა მან 24 თებერვალს თბილისში, „რონდელის ფონდის“ დისკუსიაზე.

დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვას „ქართული ოცნება“ ხსნის საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნის“ შეთქმულებით, რომლის უკან მდგარ ძალად ჯერ „გლობალური ომის პარტიას“ ასახელებდა, ბოლო პერიოდში კი „დიპ სტეიტს“ ასახელებს.

„როდესაც უამრავი სატვირთო მანქანა გადის თქვენს ტერიტორიაზე და, მართალია, თან აქვს დაშვებული საქონელი, თქვენ მაინც დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ამ გზაზე არ ხვდება უკანონო საქონელი“, - განაცხადა ელჩმა უორდმა.

„მეორეც - სურს საქართველოს, შეინარჩუნოს თავისი რეპუტაცია, როგორც ძალიან გამჭვირვალე და მაღალი ხარისხის ღია ეკონომიკის მქონე, სუფთა ფინანსური ნაკადების მქონე ქვეყანამ თუ არა?“ - იკითხა ელჩი უორდმა და დასძინა:

„იმიტომ, რომ რუსები ეცდებიან, გამოიყენონ ყველანაირი არხი, - საბანკო არხი, სხვა სავაჭრო არხები, - ნავთობისა და გაზის პროდუქტების თუ ფულის გამოსატანად“.

მისი თქმით, ეს არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ სამეზობლოში ყველა ქვეყნისგან სურდათ.

„მე მქონია გარკვეული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, - მინახავს თანამშრომლობა საქართველოს მთავრობისგან წლების განმავლობაში სწორედ ამ საბრძოლო ველზე გამოსაყენებელ საქონელთან დაკავშირებით. მაგრამ ეს უფრო ფართო საკითხია, - უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთს არ შეუძლია, ძირი გამოუთხაროს ჩვენს საბანკო სისტემებს მოგების მისაღებად და ასე გააგრძელოს თავისი ომი“, - განაცხადა ელჩმა.

მისი ცნობით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი დღეს წარადგენს რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ახალ პაკეტს - „ყველაზე დიდ პაკეტს ომის დაწყების შემდეგ“.

დევიდ ლემის განცხადებით, ეს იქნება ყველაზე მსხვილი პაკეტი ომის დაწყების ადრეული დღეებიდან.

მისი თქმით, სანქციების მიზანი იქნება „მათი სამხედრო მანქანის დაუძლურება და იმ მოგების შემცირება, რომელიც უკრაინის განადგურების ცეცხლს აძლიერებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG