Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბრიუსელი, ჰარვარდი, დუბაი - ვადარებთ, რომელ ქვეყნებში დადიოდნენ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრები ადრე და ახლა

ბრიუსელი, ჰარვარდი, დუბაი - ვადარებთ, რომელ ქვეყნებში დადიოდნენ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრები ადრე და ახლა


მარცხნიდან: გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე
მარცხნიდან: გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ახლა დუბაიშია. 2024 წლის არჩევნების მერე ის უკვე მეშვიდე საერთაშორისო ვიზიტს მართავს. სად მიდიოდნენ ამ დროს მისი წინამორბედები?

„ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო დონეზე პრობლემები აქვს. გასული წლის განმავლობაში მათ დასავლეთთან ურთიერთობები ისე გაუფუჭდათ, რომ 2024 წლის სადავო არჩევნებში გამარჯვება ევროკავშირის მხოლოდ ერთმა ქვეყანამ, უნგრეთმა მიულოცა. დანარჩენები, აშშ-სთან ერთად, არჩევნებისას დარღვევებზე მიუთითებენ. ბევრმა მათ ლიდერებს სანქციებიც დაუწესა.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და „ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობები მათი მეოთხე ვადისას, გადავწყვიტეთ, რუკაზე დაგვეტანა, თუ საით მიემგზავრებოდნენ მათი პრემიერ-მინისტრები არჩევნების შემდეგ.

თანაც, პოლიტიკასთან ერთად, ისინიც იცვლებიან - 2016 წლის არჩევნებისას მთავრობის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი იყო, 2020 წელს - გიორგი გახარია, რომელიც მალევე შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლოს კი - ირაკლი კობახიძემ.

2024 წლის არჩევნებიდან დღემდე ირაკლი კობახიძემ შვიდი საერთაშორისო ვიზიტი გამართა. ჩვენ ამას ვადარებთ გიორგი კვირიკაშვილის პირველ შვიდ საერთაშორისო ვიზიტს 2016 წლის არჩევნების შემდეგ და ირაკლი ღარიბაშვილის პირველ შვიდ ვიზიტს 2020 წლის არჩევნების შემდეგ.

გიორგი გახარიამ კოვიდის პანდემიის გამო 2020 წლის არჩევნებიდან გადადგომამდე საერთაშორისო ვიზიტის გამართვა ვერ მოასწრო, თუმცა 2021 წლის მარტში აშშ-ში აპირებდა წასვლას. ამიტომაც, ღარიბაშვილის ვიზიტებს გადავხედეთ.

შედეგი რუკაზე ასე გამოიყურება: (თუ კურსორს წერტილებთან მიიტანთ, ვიზიტის დროს და ადგილსაც დაინახავთ).

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბოლო არჩევნების მერე საქართველოს დასავლეთით მხოლოდ ერთი ვიზიტი გამართა - 2024 წლის ნოემბერში ის ბუდაპეშტში ჩავიდა და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მსვლელობისას ის ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს და ევროპული საბჭოს აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, შარლ მიშელს.

ზაფხულში ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა, სადაც ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით იდგა. ჰანიე იმ ღამეს მოკლეს თეირანში. თეირანი, 2024 წლის 30 ივლისი
ზაფხულში ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა, სადაც ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით იდგა. ჰანიე იმ ღამეს მოკლეს თეირანში. თეირანი, 2024 წლის 30 ივლისი

როგორც უკვე ვახსენეთ, უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც „ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. არჩევნების მეორე დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისშიც იყო ჩამოსული.

კობახიძემ მომდევნო ორი ვიზიტი, 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარში აზერბაიჯანში გამართა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

26 იანვარს ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს, აბუ-დაბის ეწვია, სადაც ცნობილი გახდა თბილისსა და გონიოში $6-მილიარდიან პროექტზე შეთანხმების შესახებ.

მომდევნო ვიზიტი მან კვლავ სამეზობლოში, ამჯერად ერევანში გამართა, სადაც 30 იანვარს შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

11 თებერვალს ირაკლი კობახიძე საამიროებში დაბრუნდა. ის ამჯერად დუბაიშია და მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი

2020 წლის არჩევნები კოვიდის პანდემიისას ჩატარდა. მაშინ „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია იყო, რომელმაც არჩევნების შემდეგ თანამდებობა შეინარჩუნა, თუმცა გლობალური პანდემიის გამო არჩევნების შემდეგ სამთვე-ნახევარში საერთაშორისო ვიზიტი არ გაუმართავს. 2021 წლის 18 თებერვალს, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ის ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა.

თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი ვიზიტი ბრიუსელში გამართა, სადაც შეხვდა ევროპული საბჭოს მაშინდელ პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებს. მათ შორის იყვნენ ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და დევიდ მაკალისტერი, რომლებიც ახლა „ქართული ოცნების“ თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან.

მაისსა და ივნისში ღარიბაშვილი ეწვია აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს და იქაურ კოლეგებს შეხვდა.

მაისში ასევე მადრიდშიც იყო ჩასული, სადაც ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნა. შეხვდა ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრსა და კონგრესის თავმჯდომარეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი, 2021 წელი
ირაკლი ღარიბაშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი, 2021 წელი

ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის აგვისტოში უკრაინაში გამართა ვიზიტი. ლვოვში მას აეროპორტში დახვდა უკრაინის მაშინდელი პრემიერი, დენის შმიჰალი. შემდეგ ღარიბაშვილი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

სექტემბერში ღარიბაშვილი აშშ-ს ეწვია. ის ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა გაეროს ასამბლეაზე და შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, არჩევნების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმაც ბრიუსელში გამართა პირველი ვიზიტი, სადაც 30 ნოემბერს სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

დეკემბერში კვირიკაშვილი თურქეთს ეწვია ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შეხვდა.

იანვარში ისიც ჩავიდა მადრიდში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, რამდენიმე დღეში კი შვეიცარიისკენ გაეშურა, სადაც დავოსის პრესტიჟულ ფორუმს დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილი გუამის ფორუმზე 2017 წლის მარტში. მარცხიდან - გიორგი კვირიკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ისმათ აბასოვი და მოლდოვის პრემიერი პაველ ფილიპი
გიორგი კვირიკაშვილი გუამის ფორუმზე 2017 წლის მარტში. მარცხიდან - გიორგი კვირიკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ისმათ აბასოვი და მოლდოვის პრემიერი პაველ ფილიპი

მისი შემდეგი ვიზიტი ერთ თვეში მიუნხენში გაიმართა - გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.

წელს საქართველოდან არავინ დაესწრება დავოსის და მიუნხენის კონფერენციებს. არადა, ორივე მათგანი ყოველწლიურად ყველაზე გავლენიან დასავლელ პოლიტიკოსებს თუ ბიზნესმენებს უყრის თავს და ითვლება, რომ მათთან ოფიციალურად თუ კულისებს მიღმა შეხვედრის იშვიათად ხელსაყრელი საშუალებაა.

2017 წლის მარტში გიორგი კვირიკაშვილი რომში ჩავიდა და იტალიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, პაოლო ჯენტილონის შეხვდა. იმავე თვეში ის კიევშიც იყო ჩასული სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურების სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG