„საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. მას თან ახლდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციას თან ახლდა ფეისბუკ-ლაივებში გაწაფული კახა კალაძე, მათ არც მედიის ყურადღება მოჰკლებიათ - აბუ-დაბიში ხუთი ქართული ტელევიზია იყო ჩასული. ხუთივე ისეთი - იმედი, პოს ტვ, რუსთავი 2, პირველი არხი და აჭარის ტელევიზია - რომლებსაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიკერძოებას ედავებიან. ზოგი არც უარყოფს.
ბუნებრივია, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა - „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის ეს უბრალო ვიზიტი არ ყოფილა. იმ ფონზე, როცა წინა წელთან შედარებით 2024 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 55.2%-ით შემცირდა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციაზე მიაღწიეს შეთანხმებას.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, პროექტი, რომლის შესახებაც მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა, $6-მილიარდიან ინვესტიციას ითვალისწინებს. მის შესახებ სხვა ბევრი არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის, რომ საუბარია „მულტიფუნქციურ დეველოპერულ პროექტზე“, რომელიც თბილისსა და გონიოში უნდა აშენდეს. არ ვიცით, როდის დაიწყება, რამდენ ხანს გაგრძელდება, ან რას მოიცავს.
პროექტს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ორი მსხვილი კომპანია, Emaar Properties და Eagle Hills განახორციელებს.
Emaar-ი ემირატების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი მფლობელი დუბაის მმართველი და საამიროების სახელმწიფო ფონდია. ამ კომპანიას უკავშირდება თანამედროვე დუბაის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი „ბურჯ ხალიფა“ და ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, „დუბაი მოლი“.
Emaar-ის დამაარსებელი საამიროელი ბიზნესმენი მუჰამედ ალი ალაბარია. ის დგას Eagle Hills-ის უკანაც.
„ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს ჩვენი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის განხორციელებას და კაპიტალდაბანდებას ბათუმსა და თბილისში მასშტაბური ურბანული განვითარების მიმართულებით“, - თქვა მუჰამედ ალი ალაბარიმ ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ.
მან „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი მინიმუმ 2023 წელს დაამყარა - მაშინ იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. ორი თვის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში, მას უკვე ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა და მათ საქართველოში „მსხვილი საინვესტიციო პროექტის“ განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.
ტრამპი და ორბანი
Emaar-იც და Eagle Hills-იც დიდი ხანია, ჩართულები არიან დეველოპერულ პროექტებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების გარეთ. ოღონდ, თუ Emaar-ი ახლო აღმოსავლეთში ოპერირებს, Eagle Hills-ს მსხვილი პროექტები ევროპაშიც აქვს.
მიმდინარე თვეში Eagle Hills-მა უნგრეთის მთავრობისგან $129 მილიონად იყიდა 85 ჰექტარი მიწა ბუდაპეშტში, სადაც მთლიანი უბნის, მათ შორის ევროკავშირში ყველაზე მაღალი ცათამბჯენების აშენების უფლება მიიღო. $5,2-მილიარდიან პროექტს ადგილობრივებმა „მინიდუბაი“ შეარქვეს.
თუმცა გარიგება ბუდაპეშტის მერმა შეაჩერა, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავრობის ოპოზიციას წარმოადგენს. გერგეი კარაჩონის თქმით, მიწის რეალური ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას რამდენჯერმე აღემატებოდა. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაიგო, რომ მიწის შეძენის უპირატესი უფლება ჰქონდა. ბუდაპეშტის მერი ამბობს, რომ ამ უფლებას ახლა გამოიყენებენ.
Eagle Hills-ის კიდევ ერთი პროექტი „ტრამპ ჰოტელი“ იქნება ბელგრადში, სადაც მუჰამედ ალი ალაბარის პარტნიორი დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის კომპანია Affinity Partners იქნება. კუშნერის თქმით, სასტუმროსთვის ტრამპის ბრენდის მინიჭება ცოლისძმასა და ტრამპის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ერიკ ტრამპთან განიხილა.
Affinity Partners-ი ჯარედ კუშნერმა 2021 წელს, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დააარსა, სადაც სიმამრის ახლო გარემოცვის წევრი იყო. მას შემდეგ ეს კომპანია მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს იზიდავს საუდის არაბეთიდან, საამიროებიდან და კატარიდან.
პაპუაშვილი უნგრეთშია
არაბული ვიზიტის პარალელურად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი გამართა შალვა პაპუაშვილმა - ის ჩავიდა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ლასლო კოვერს შეხვდა.
ვიქტორ ორბანი ჯერჯერობით ერთადერთი ლიდერია ევროკავშირში, რომელმაც „ქართულ ოცნებას” ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ცნობილია, რომ სლოვაკეთთან ერთად, სწორედ უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნებისთვის” პირადი სანქციების შემოღებას, რასაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა:
„დროა, ბრიუსელის ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა შეწყვიტონ საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა. გამოვხატე სრული მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისადმი მათ ბრძოლაში საქართველოს სუვერენიტეტისათვის“.
ვიქტორ ორბანს, რომელიც 80-იანების ბოლოს ოქსფორდის უნივერსიტეტში ჯორჯ სოროსის დაფინანსებით გაემგზავრა, X-ზევე უპასუხა ამერიკელმა რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილისა და ჯორჯ სოროსის ფოტოთი:
„სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი ორბანი ცდება. ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში ძალიან ახლოს იცნობს სოროსს“.
ფორუმი