ორგანიზაციის ადვოკატებმა სადიგოვი დღეს, 10 თებერვალს, მოინახულეს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. მათი განცხადებით, "მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების დაკარგვის ეპიზოდები."
აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. "6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ის პროტესტის ნიშნად კვლავ არ იღებს არც წყალს და არც ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რომელიც მას პერიოდულად მისი თანხმობით, გადასხმის მეშვეობით მიეწოდებოდა", - ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი.
რადიო თავისუფლება სახალხო დამცველის ოფისს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, მიიღებენ თუ არა მხედველობაში მიმართვას. როგორც ომბუდსმენის ოფისში განმარტავენ, სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ზედამხედველობას უწევს სახალხო დამცველის ექიმი, საჭიროების შემთხვევაში უწყებას ექნება დამატებითი რეაგირება.
6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი შექმნა მზია ამაღლობელის საქმეზე. ონლაინგამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც დაპატიმრების შემდეგ 30 დღეა შიმშილობს, კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული.
სამედიცინო კონსილიუმის შექმნის პრაქტიკა სახალხო დამცველს მანამდეც ჰქონია. სამედიცინო კონსილიუმი წინა ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას ინიციატივითაც შეიქმნა 2021 წლის 21 ნოემბერს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეს, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა.
სადიგოვის უფლებადამცველები მიმართავენ იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილსაც, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას აძლევს “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” კანონი.
მშრალ შიმშილობაზე აფგან სადიგოვი მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
ადვოკატი ამბობს, რომ ამ სხდომაზე პროკურატურას არ ჰქონია არცერთი ხელშესახები, რეალური მტკიცებულება, რომელიც აფგან სადიგოვის მიმალვის საფრთხეს დაასაბუთებდა.
ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სასამართლომ არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე - სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2024 წლის 4 მარტამდე აუკრძალა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლი გვეუბნება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
ახლა აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა. სწორედ ამიტომ, პროტესტის ეს ფორმა ახლა კიდევ უფრო სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის.
ფორუმი