Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ორი მოშიმშილე ჟურნალისტი ქართულ ციხეში - შეუძლია სისტემას, მათ ჭამა აიძულოს?

ორი მოშიმშილე ჟურნალისტი ქართულ ციხეში - შეუძლია სისტემას, მათ ჭამა აიძულოს?


ფოტოზე აფგან სადიგოვი და მზია ამაღლობელი, დაპატიმრებული ჟურნალისტები
ფოტოზე აფგან სადიგოვი და მზია ამაღლობელი, დაპატიმრებული ჟურნალისტები

საპატიმროში დღეს ორი ჟურნალისტი შიმშილობს. ქართველი ჟურნალისტი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი.

პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მათ დაკავებისთანავე მიმართეს - როგორც თავად პატიმრები, ისე მათი გულშემატკივრები, კოლეგები, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ისინი სისტემის, ერთი საქართველოსა და მეორე - აზერბაიჯანის რეჟიმების ტყვეები არიან. სასამართლო კი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

სადიგოვის შიმშილობის 138-ე დღე

თითქმის 140 დღეა, რაც თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, საპატიმროში შიმშილობს.

2 თებერვლიდან მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და სითხის მიღებაზეც უარი თქვა. ის ციხის საავადმყოფოშია და მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

„ჩვენი ინფორმაციით, მას უკვე 42 კილო აქვს დაკლებული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი.

ეტლში მჯდარი მოშიმშილე ჟურნალისტი მან ბოლოს 31 იანვარს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში ნახა. სწორედ იმ დღეს გაირკვა, რომ აფგან სადიგოვმა მშრალი შიმშილობა გადაწყვიტა:

აფგან სადიგოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 28 ნოემბერს
აფგან სადიგოვი თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 28 ნოემბერს

„ფეხზე ვერ დგება. დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. ეტლით მოჰყავთ სასამართლოში. ლაპარაკობს მძიმედ, შეფერხებებით. ციხის საავადმყოფოში ექიმების მონიტორინგის ქვეშაა“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე ცნობით, სადიგოვი უარს ამბობს ელექტროლიტების მიღებაზეც, რომელიც ჟურნალისტის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ახლა, ოთხთვიანი შიმშილობის შემდეგ, უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი იყოს.

მშრალ შიმშილობაზე აფგან სადიგოვი მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ სხდომაზე პროკურატურას არ ჰქონია არცერთი ხელშესახები, რეალური მტკიცებულება, რომელიც აფგან სადიგოვის მიმალვის საფრთხეს დაასაბუთებდა.

ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სასამართლომ არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გაითვალისწინა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელმაც საქართველოს მთავრობას 2024 წლის 4 მარტამდე აუკრძალა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში:

„ევროსასამართლო დაგვპირდა, რომ 4 მარტს მიიღებს საფუძვლიან გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების ხანგრძლივი გამოყენების შესახებ. სავარაუდოდ, ევროსასამართლო კიდევ მიიღებს დროებით ღონისძიებას და საბოლოოდ აუკრძალავს საქართველოს ჟურნალისტის ექსტრადიციას აზერბაიჯანში. ჩვენ ასე ვვარაუდობთ“, - ამბობს ადვოკატი.

ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრობს იმ შეზღუდვებსა და უფლებების დარღვევებზე, რომელსაც მოშიმშილე პატიმარი აწყდება როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ისე სასამართლო სხდომებზე:

„მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა მისთვის აზერბაიჯანულენოვანი ლიტერატურის შეტანის უფლება. ამას გარდა, ბოლო სასამართლო სხდომაზე, მოშიმშილე პატიმარი დილის 10 საათზე მიიყვანეს სასამართლოს შენობაში მაშინ, როცა სხდომა დღის 3 საათზე იყო დანიშნული. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი, დასუსტებული ადამიანი, საათები ამყოფეს მოლოდინის სივრცეში“, - ამბობს ადვოკატი.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა აფგან სადიგოვის ცოლს, სევინჩ სადიგოვას, რომელიც იძულებული გახდა, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოდან საზღვარგარეთ წასულიყო საცხოვრებლად. სანამ საქართველოში იყო, ჰქონდა საშუალება შეხვედროდა პატიმარ მეუღლეს. ახლა ის მხოლოდ შორიდან იგებს მის ამბებს.

ქალი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც, მისი სიტყვებით, ოლიგარქი ივანიშვილი მმართველობს, აზერბაიჯანის რეჟიმის დაკვეთას ასრულებს:

„აფგანი ახლა 56 კილოს იწონის. უკვე აღარ ვიცი, რა შემიძლია ვთქვა, საქართველოს ხელისუფლება, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად, უგულებელყოფს კანონს და ანადგურებს ადამიანებს.

სასამართლო ასრულებს რეჟიმის ბრძანებებს. მისი დაკავება არანაირ კავშირში არაა კანონთან. ეს სასამართლო მხოლოდ დაკვეთას ასრულებს. უკანასკნელ სხდომაზე მოსამართლემ თქვა, რომ აფგანს ვერ გაუშვებენ შინაპატიმრობაში იმიტომ, რომ ის მიმალვას და გაქცევას შეეცდება.

გასულ ზაფხულში, როდესაც საქართველოს დატოვებას ვაპირებდით და აეროპორტში მისულებს გვითხრეს, რომ აფგანს არ ჰქონდა საქართველოდან გასვლის უფლება, მაშინაც კი უკანონო არაფერი ჩაუდენია. ახლა კი სასამართლო გვეუბნება, რომ თურმე, ის გაიქცევა.

აფგანი არ არის ასეთი ადამიანი. თუკი გაუშვებდნენ აფგანს საპატიმროდან, ერთადერთი, სადაც ის წავიდოდა, ეს იქნებოდა საავადმყოფო, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ერთადერთი რამ მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას, რატომ ასრულებს ამ პოლიტიკურ დაკვეთას? რატომ ანადგურებს თავად აფგანსა და მის შვილებს, რომლებიც მამას თვეებია ელოდებიან? აზერბაიჯანში რაც ხდება, ეს კარგად ვიცი, მე იქ ვცხოვრობდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოშიც ასე მოხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილისა და ალიევის რეჟიმები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

მეც მემუქრებიან - იცოდე, ბევრს თუ ილაპარაკებ, მის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც გვაქვსო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აფგან სადიგოვის ცოლი.

აფგან სადიგოვის დაკავება, თბილისი, 2024 წლის 3 აგვისტო
აფგან სადიგოვის დაკავება, თბილისი, 2024 წლის 3 აგვისტო

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.

გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლი გვეუბნება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.

ახლა აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ 2020 წელს, როდესაც ის აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა. სწორედ ამიტომ, პროტესტის ეს ფორმა, ახლა კიდევ უფრო სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის.

მზიას შიმშილობის 25-ე დღე

მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ შიმშილობის 25-ე დღეს ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადვოკატმა მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ ნახა, სადაც მოშიმშილე ჟურნალისტი 4 თებერვალს, კვლევებისთვის გადაიყვანეს.

„ერთადერთი, ახლა რაზეც დარდობს, ისაა, რომ ვინც მისი სოლიდარობისთვის შიმშილობს, შეწყვიტონ შიმშილობა. მხოლოდ ეს ამძიმებს მას“, - უთხრა საავადმყოფოდან გამოსულმა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

მზია ამაღლობელი „ვივამედში“ შიმშილობის 24-ე დღეს გადაიყვანეს. მანამდე ის საჭიროდ არ მიიჩნევდა დამატებით კვლევებს და საპატიმროს დატოვებაზე უარს ამბობდა.

კლინიკიდან გამოსულმა ადვოკატმა თქვა, რომ დღესაც, მზია ამაღლობელი ითხოვს, დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას კლინიკაში დარჩენა არ სურს.

„შესუსტებულია, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა, თავს მხნედ გრძნობს, ამბობს, რომ აგრძელებს ბრძოლას ისე, როგორც შეუძლია. შიმშილობის დაწყების დღიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართეთ პენიტენციურ დაწესებულებას, რომ ინფორმაცია მოეწოდებინათ სამედიცინო დოკუმენტაციის სახით.

თავდაპირველად ამ ინფორმაციას სრულყოფილად არ გვაწვდიდნენ. გადავამოწმეთ დოკუმენტაცია ჩვენთვის სანდო ექიმებთან და ინფორმაცია და კვლევები, რომლებიც მას უტარდებოდა, არ იყო საკმარისი და მივმართეთ დაცვის მხარემ, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი კვლევები.

ამის შემდგომ დაიგეგმა და ჩატარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველა სახის კვლევა და მომსახურება, რომელიც მას სჭირდება, არ იყო შესაძლებელი პენიტენციურ დაწესებულებაში და ამიტომ დაიგეგმა გუშინ მზია ამაღლობელის „ვივამედში“ გადმოყვანა“, - უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

საპროტესტო მსვლელობა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, 31 იანვარი
საპროტესტო მსვლელობა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, 31 იანვარი

მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, უკანონო პატიმრად თვლიან უფლებადამცველი ორგანიზაციები, კოლეგები, ხალხის ნაწილი.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.

30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია, 4 თებერვალი
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია, 4 თებერვალი

მზია ამაღლობელისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული ათეულობით ადამიანის გათავისუფლების, ასევე ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, დმანისის მუნიციპალიტეტის შენობის წინ მეშვიდე დღეა შიმშილობს დმანისის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჩხვიმიანი.

ჟურნალისტის სოლიდარობისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, 20 დღეზე მეტია საპატიმროში შიმშილობს ბათუმელი აქტივისტი თემურ ქათამაძეც. ის თავადაც დააკავეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციისას. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო წლებია, საქართველოში ცხოვრობს და სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა, სწორედ ამის მიზეზით მოათავსა პოლიციამ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.

2 თებერვალს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერდა: „მხნედ ვარ, ვაგრძელებ შიმშილობას. სოლიდარობას ვუცხადებ მზია ამაღლობელს. მზია როცა შეწყვეტს შიმშილობას, მე გავაგრძელებ“...

ადვოკატების ინფორმაციით, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

შიმშილობა - პატიმრის უფლება

შიმშილობა, როგორც პატიმრის უფლება, არაერთი ნორმატიული აქტითა და მინისტრის ბრძანებითაა დარეგულირებული.

საპატიმროში მოშიმშილის იძულებითი გამოკვება და მკურნალობა დაუშვებელია. „ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მეცამეტე მუხლში წერია:

„პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, შიმშილობის დროს, დასაშვებია მხოლოდ მისი ინფორმირებული თანხმობის შემთხვევაში“.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლი კი განსაზღვრავს ყველა იმ პირობას, რისი უფლებაც აქვს ან არ აქვს ექიმს მოშიმშილე პატიმრის ნების გარეშე.

მაგალითად, ამ მუხლში წერია, რომ „საექიმო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის ხელოვნური კვება, თუ იგი უარს ამბობს საკვების ბუნებრივი გზით მიღებაზე და მას, საექიმო საქმიანობის სუბიექტის აზრით, შესწევს საკვების მიღების ნებაყოფლობით შეწყვეტის შედეგების დამოუკიდებლად და გონივრულად შეფასების უნარი“.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პატიმარი ან დაკავებული ნებაყოფლობითი შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს „იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესების შესაბამისად“, მიუხედავად პაციენტის მიერ მანამდე განცხადებული ნებისა.

მოშიმშილე პატიმრის მიმართ მოპყრობის წესები გაწერილია „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის №169 ბრძანებაში“.

ამ დოკუმენტში წერია, რომ შიმშილობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 საათისა უნდა შემოწმდეს მოშიმშილეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მათ შორის, ექიმი აფასებს მოშიმშილის ფსიქიკურ მდგომარეობას. ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტს არ აქვს ფსიქიკური აშლილობის ისეთი ნიშნები, რომელმაც შეიძლება მიუთითოს, რომ ის ვერ აცნობიერებს საკუთარი გადაწყვეტილების შედეგებს.

ამ ბრძანების თანახმად, მოშიმშილე პატიმარი იმყოფება დაწესებულების ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მოშიმშილის თანხმობის შემთხვევაში მოწმდება დღეში მინიმუმ ორჯერ.

ექიმი ვალდებულია, ყოველდღიურად გაესაუბროს მოშიმშილეს განცალკევებით და დაადგინოს, უნდა თუ არა ბრალდებულს/მსჯავრდადებულს შიმშილის გაგრძელება და რა შეიძლება გაკეთდეს, როდესაც მას აღარ ექნება გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

მოშიმშილე, მისი სურვილის შემთხვევაში, უნდა განთავსდეს განცალკევებით, სადაც პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მას შეიძლება 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მეთვალყურეობდნენ.

თუ მოშიმშილის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ არ შეიძლება მისი დატოვება დაწესებულებაში, ექიმის მოთხოვნის საფუძველზე, ის გადაჰყავთ სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში ან ჩვეულებრივ საავადმყოფოში.

მინისტრის №169 ბრძანების თანახმადვე, მიუხედავად იმისა, რომ პატიმარს გამოცხადებული აქვს შიმშილობა, მასთან მაინც მიაქვთ საუზმე, სადილი და ვახშამი, ექიმი კი ყოველ ჯერზე ხელახლა უხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საჭმლის ჭამა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG