Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ლუკაშენკას მიულოცა „დამაჯერებელი გამარჯვება“


ფოტო არქივიდან. ლუკაშენკა და პუტინი რუსეთის ქალაქ ყაზანში, BRICS-ის სამიტზე. 2024 წლის 23 ოქტომბერი
ფოტო არქივიდან. ლუკაშენკა და პუტინი რუსეთის ქალაქ ყაზანში, BRICS-ის სამიტზე. 2024 წლის 23 ოქტომბერი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის მოკავშირე ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიულოცა „ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა".

მილოცვა დღეს, 27 იანვარს, კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

პუტინის თანახმად, ლუკაშენკას „დამაჯერებელი გამარჯვება“ ცხადყოფს მის „მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტს“ და ბელარუსის სახელმწიფო კურსისადმი „მოსახლეობის უდავო მხარდაჭერას“.

პუტინი აცხადებს, რომ ლუკაშენკასთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას და უახლოეს ხანში მას მოსკოვში ელოდება.

ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი, ოფიციალური მონაცემებით, 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 86,82%-ით. კენჭს კიდევ ოთხი კანდიდატი იყრიდა.

ბელარუსის დღევანდელი ავტორიტარი მეთაური ლუკაშენკა ქვეყნის პრეზიდენტი პირველად 1994 წელს გახდა.

ლუკაშენკას რეჟიმის მიერ დევნილი ოპოზიციის წარმომადგენლები ან ემიგრაციაში არიან, ან საპატიმროებში. ბელარუსში შეზღუდულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG