ბუდაპეშტის მიერ დაბლოკილ განცხადებაში ეწერა, რომ ბელარუსში სასტიკი და უპრეცედენტო რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევის და ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის გამო არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება.
ერთობლივი განცხადების ხელმოწერაზე უარს ამბობდა სლოვაკეთიც, თუმცა, მოგვიანებით შეუერთდა.
მას შემდეგ, რაც უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადება ვერ გაკეთდა, განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. მისი შეფასებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. კალასმა მინსკს მოუწოდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანახმად, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბელარუსის რეჟიმი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომსა და მეზობლებზე ჰიბრიდულ შეტევებში, ევროკავშირი განაგრძობს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას და ამასთან, გააგრძელებს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და დევნილი დემოკრატიული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას.
ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა" საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 86,82%-ით.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა აქვთ, დასავლეთს ხშირად აკრიტიკებენ სანქციების პოლიტიკისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო.
უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობები მხარს უჭერენ ევროკავშირის მიერ ბოლო ხანს სულ უფრო მეტად იზოლირებულ „ქართულ ოცნებასაც" და მის ამჟამინდელ პოლიტიკას, რომელსაც მმართველი პარტიის ოპონენტები ხშირად ადარებენ ბელარუსის რეჟიმის პოლიტიკას.
საქართველოში „ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის დაბრუნებას, უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
ერთი თვით ადრე, 26 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ უმრავლესობა შეინარჩუნა და ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ.
ოპოზიციურმა პარტიებმა, მათმა მხარდამჭერებმა და მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს და არ აღიარეს ამ არჩევნების საფუძველზე „ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით დაკომპლექტებული მთავრობის და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობა.
ფორუმი