„მაგთიკომი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტპროვაიდერია საქართველოში. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
„მაგთი“ აცხადებს, რომ საქართველოს ინტერნეტთან წვდომა აქვს გადაზღვეული არხებით, რომელთაგან ერთი თურქეთის ტერიტორიაზე დაზიანდა გუშინ, 27 იანვარს. მეორე, სარეზერვო არხი კი სამ ადგილზე დაზიანდა საქართველოში, აჭარის რეგიონში. მაგთის თანახმად, ეს მოხდა 27 იანვარს, 21:21 საათზე.
კომპანიის განცხადებაში წერია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა. ამავე განცხადების თანახმად, საქართველოში მომხდარი სამი „საეჭვო დაზიანების“ ფაქტზე ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს მიაწოდეს.
აჭარაში სამივე დაზიანება სრულად აღმოიფხვრა 28 იანვრის 01:54-ზე, შესაბამისად ამ დროიდან „მაგთის“ აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება აღუდგათ.
ფორუმი