“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ”, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული, 30 დეკემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მალევე დააკავეს. მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილს გულისხმობს (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. მძღოლი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქვეითად მოძრავ ორ მოზარდს დაეჯახა. შემთხვევის ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა მოქალაქემ და რამდენიმე პოლიციელმა.
ფორუმი