შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის ბოლო ორ თვეში საქართველოდან 91 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გააძევა.
უწყების თანახმად, მათ შორის იყვნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
მედიისთვის მიწოდებულ ცნობაში მიგრაციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ 91 მოქალაქიდან 25 იყო ისეთი, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ.
დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი, თუმცა დასძენს, რომ ათმა მათგანმა საქართველო უკვე დატოვა.
როგორც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი იუწყება, 2024 წელს საერთო ჯამში 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, რაც წინა წელთან შედარებით 126%-ით მეტია.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.
ერთ თვეზე მეტია, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ფორუმი