Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოს პრესცენტრმა წაშალა ილია II-ის საახალწლო მილოცვის დამონტაჟებული ვიდეო


„რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე
„რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა წაშალა „პატრიარქ ილია II-ის საახალწლო მილოცვის“ ვიდეო და დაადასტურა, რომ ის დამონტაჟებული იყო.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის საახალწლო მილოცვის ვიდეოს, რაც არაერთი კომენტატორის თანახმად, დამონტაჟებული იყო, და აცხადებს:

„რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე“.

ვიდეო აღარ იძებნება ფეისბუკზე გვერდზე - „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“, - სადაც ის პირველ იანვარს გამოქვეყნდა.

ვიდეო ანდრია ჯაღმაიძის დაქვემდებარებაში მყოფ გვერდზე, „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“, პირველ იანვარს გამოქვეყნდა, 3 იანვარს კი წაიშალა
ვიდეო ანდრია ჯაღმაიძის დაქვემდებარებაში მყოფ გვერდზე, „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“, პირველ იანვარს გამოქვეყნდა, 3 იანვარს კი წაიშალა

თუმცა 23:35 საათისთვის კვლავ იძებნება ფეისბუკგვერდზე, სახელად „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)“.

ამ გვერდზე, - რომლიდანაც ანდრია ჯაღმაიძეს არაერთხელ აქვს პოსტები გაზიარებული, - პირველ იანვარს, 20:19 საათზე გამოქვეყნდა ვიდეო, სათაურით „სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საახალწლო მილოცვა“.

მოგვიანებით ვიდეო გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმაც“; ასევე, არაერთმა ფეისბუკგვერდმა თუ მედიასაშუალებამ.

რამდენიმე საათში თეოლოგმა ზვიად ცაბაძემ განაცხადა, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო და შეიცავდა კადრებს პატრიარქის წინა წლების საახალწლო მილოცვის ვიდეოებიდან.

კერძოდ, ცაბაძის თქმით, ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოში პირველი ხუთი კადრი იყო 2024 წლის, მომდევნო ოთხი - 2023 წლის, ხოლო ბოლო ერთი კადრი - 2022 წლის მილოცვის ვიდეოებიდან.

თეოლოგი ზვიად ცაბაძე წერს, რომ პატრიარქის ექიმმა უნდა უპასუხოს საზოგადოების შეკითხვებს, „როდის წაერთვა პატრიარქს მეტყველების უნარი, რატომ მალავენ ამ ფაქტს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა“.

„მილოცვის „ფეიკ“ ვიდეომ აჩვენა, რომ პატრიარქი უუნაროა მეტყველების მხრივ და საინტერესოა, ვინ წერს მისი სახელით გამოქვეყნებულ მისალოც წერილებს“, - დაწერა ცაბაძემ.

3 იანვარს ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში პატრიარქის ექიმმა თქვა: „პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ნორმალურად. ნახეთ ჩანაწერი, გიორგობას, ნათლობა რომ ჩატარდა, რამდენი ხანი და როგორ იქადაგა, ისაუბრა“.

ანდრია ჯაღმაიძის პოსტი 3 იანვარს
ანდრია ჯაღმაიძის პოსტი 3 იანვარს

3 იანვარს, გვიან საღამოს, მოვლენებს გამოეხმაურა ანდრია ჯაღმაიძე და დაწერა:

„პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი „საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს“ იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს“, - დაწერა მან.

მოგვიანებით პოსტს დაამატა: „მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი“.

სხვა განმარტება არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG