Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილჰამ ალიევის ბიძაშვილი დიჯეი მიკაელა ჯავი ათენში ანტინარკოტიკული რეიდისას დააკავეს


იზატხანიმ ჯავადოვა (ალიევა), იგივე მიკაელა ჯავი
იზატხანიმ ჯავადოვა (ალიევა), იგივე მიკაელა ჯავი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიძაშვილი, დიჯეი იზატხანიმ ჯავადოვა, საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს მდებარე ქალაქში ნარკოტიკების წინააღმდეგ საპოლიციო რეიდისას დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებენ ბერძნული გამოცემები, ასევე - აზერბაიჯანული ოპოზიციური მედია Meydan TV.

საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, ათენის სიახლოვეს, კალივიის დასახლებაში, კერძო სახლში რეიდის შედეგად ამოღებულია 97,3 გრამი კოკაინი, ექსტაზის 190 ტაბლეტი, ქსანაქსის 23 ტაბლეტი, 13 გრამი კანაფი, 2,8 გრამი მეტამფეტამინი, 702 გრამი უცნობი თხევადი ნივთიერება და სხვა დასახელების ნარკოტიკები.

ასევე ამოიღეს სეიფი, რომელშიც დაახლოებით 44 605 ევრო, ნაღდი ფული იყო შენახული.

რეიდი 30 დეკემბერს ჩატარდა და 10 ადამიანი დააკავეს. მათ გარდა, დააკავეს სამი სამართალდამცავი, რომლებიც არასამუშაო დროს კერძო დაცვად მუშაობდნენ და სახლის პერიმეტრს იცავდნენ.

დაკავებულთა შორისაა იზატხანიმ ჯავადოვაც, - მედიის თანახმად, წვეულების ორგანიზატორი. 2 იანვარს დაკავებულთაგან ხუთი გაათავისუფლეს. 3 იანვარს გაირკვევა, რა ელის ჯავადოვას.

იზატხანიმ ჯავადოვა, - სასცენო სახელით მიკაელა ჯავი (Mikael Jav), - არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიძაშვილი. კერძოდ, ილჰამ ალიევის მამის, ჰეიდარ ალიევის ძმისშვილი. ჰეიდარ ალიევის ძმა, ჯალალ ალიევი, პარლამენტარი იყო.

ჯავადოვა რუსეთში გაიზარდა. ამჟამად ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

მიკაელა, - მისი სასცენო სახელი, - მისი 22 წლის ქალიშვილის სახელია.

მისი ქმარი, სულეიმან ჯავადოვი, აზერბაიჯანის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის შვილია.

ჯავადოვა 2015 წლიდან არის დიჯეი.

2021 წელს მისი სახელი ფიგურირებდა „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP-ის) ჟურნალისტურ გამოძიებაში.

დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA-მ) ჯავადოვასა და მის ქმარს ლონდონში თავიანთი ცხოვრების „კორუფციის შედეგად მიღებული თანხებით დაფინანსებაში“ დასდო ბრალი.

წყვილმა 2021 წლის ივლისს შეთანხმებას მიაღწია გამომძიებლებთან - დათმო 4 მილიონი ფუნტი ბრიტანული საბანკო ანგარიშებიდან, სანაცვლოდ კი NCA-მ თანხმობა განაცხადა, რომ არ ეცდებოდა მათი უძრავი ქონების ჩამორთმევას, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - გაერთიანებული სამეფო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG