14 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ჩაატარა და 300-წევრიანი კოლეგიის 224 ხმით არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ერთადერთი კანდიდატი - ანტიდასავლური განწყობების ყოფილი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი. პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რჩეულის ლეგიტიმაციას საქართველოში მხოლოდ „ქართული ოცნება“, მისი მოკავშირეები და მომხრეები აღიარებენ. ყაველაშვილის გამარჯვება უხარიათ რუსეთში.
- საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
- პრეზიდენტს ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსი აქვს და ის წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში.
საომარი ან საგანგებო ვითარება
უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსის მიუხედავად, პრეზიდენტი დამოუკიდებლად ვერ წყვეტს ჯარის გამოყენების საკითხს.
საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი და მას არ ესაჭიროება პარლამენტის თანხმობა.
ჯარის გამოყენების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს საგანგებო მდგომარეობის დროს, მაგრამ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის დასტურით.
ასეთივეა პროცედურა სხვა შემთხვევაშიც. მაგალითად:
- სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით, ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანა, გამოყენება და გადაადგილება;
- საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენება;
- საომარი მდგომარეობის გამოცხადება;
- ზავის დადება;
- საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება - მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი, მაგრამ - ასევე მთავრობის წარდგინებით.
საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს ევალება დეკრეტების გამოცემა.
ამ დოკუმენტებს კანონის ძალა აქვს, თუმცა, მაგალითად - ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ დეკრეტს სჭირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობა. თუ დეკრეტი პარლამენტმა არ დაამტკიცა, ძალაში არ შედის.
მაგალითად, კოვიდპანდემიის დროს, პრეზიდენტის დეკრეტით, 2021 წელს, შეიზღუდა მიმოსვლის თავისუფლება - კერძოდ, შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. დეკრეტით შეიძლება შეიზღუდოს არაერთი კონსტიტუციური უფლება.
საგარეო ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში; თუმცა წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ის მთავრობის თანხმობით ასრულებს.
მის უფლებამოსილებებშია გაწერილი:
- მოლაპარაკებების წარმოება სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება;
- სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაცია;
- პრეზიდენტი, მთავრობის წარდგინებით, ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
ელჩების დანიშვნის საკითხზე არაერთხელ იყო მწვავე დავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის.
კიდევ რის უფლება აქვს პრეზიდენტს?
პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს, აცხადებს პარლამენტის პირველი სხდომის თარიღს, იწვევს პარლამენტის რიგგარეშე სესიას ან სხდომას.
თუკი პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას ორ ცდაზე ვერ შეძლებს, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ, მაგრამ თუ არ დანიშნა, პრემიერ-მინისტრი მაინც დანიშნულად ჩაითვლება.
პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებებია:
- პარლამენტის დამტკიცებული კანონის ხელმოწერა ან ვეტოს დადება და პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნება;
- მსჯავრდადებულების შეწყალება;
- საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტა [მინიჭება/ჩამორთმევა];
- სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭება.
- საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა;
- რეფერენდუმის დანიშვნა - პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე.
პრეზიდენტი, სახელმწიფოს სახელით, დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
პრეზიდენტს შეუძლია სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს - რომელიმე კანონის, საკანონმდებლო ნორმის ან არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებები ბოლო პერიოდში გამოიყენა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა - „აგენტების კანონისა“ თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. პროცესი უშედეგოდ წარიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს. წელიწადში ერთხელ ის პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პრეზიდენტი უფლებამოსილია:
- მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით, შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს ის [თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას];
- პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას და სხვა.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში როგორც უნდა იყოს, ჩვენთანაც იგივე მოდელია, რომ - პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის გამაერთიანებელი უნდა იყოს - როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოს მეთაურზე და ქვეყნის ერთიანობის გარანტზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია და ამატებს, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიალოგი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის დროს. თუმცა მას ვერ წარმოუდგენია ამგვარი ვითარება მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში.
კოტე ჩოკორაიასთვის ასევე წარმოუდგენელია, რომ მიხეილ ყაველაშვილმა დიალოგი წამოიწყოს პოლიტიკურ სპექტრთან, ვეტო დაადოს რომელიმე კანონს ანდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს სარჩელით.
„ვფიქრობ, საერთოდ გაქრება პრეზიდენტის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში… საპარლამენტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვანია - ვინ არის პრეზიდენტი. ძირითადად ირჩევენ პოლიტიკური კარიერის მქონე, გამოცდილ კანდიდატებს, რომელსაც აქვს კონტაქტები და ავტორიტეტი. გერმანიის პრეზიდენტის [ფრანკ-ვალტერ] შტაინმაიერის მაგალითი რომ ავიღოთ - დიდი გამოცდილებით ყველასთან შეუძლია ლაპარაკი“, - ჩოკორაია აღნიშნავს ასევე, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური უფლებამოსილებების გამოყენება შეუძლებელია ერთპარტიული პარლამენტისა და მთავრობის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის პირობებში.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მუდმივად ადანაშაულებდა კონსტიტუციის დარღვევაში და ამ მიზეზით, ერთხელ მისი იმპიჩმენტიც სცადა, თუმცა პარლამენტში პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა.
ბოლო წლებში, მათ შორის დაძაბულობა სულ უფრო იზრდებოდა და ამჟამად კულმინაციასაც მიაღწია. „ოცნება“, მისი მოკავშირეები და მომხრეები პრეზიდენტ ზურაბიშვილს დღეებს უთვლიან.
ბიძინა ივანიშვილის რჩეულის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
„ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს, რომ ჩემ მიმართ ასეთი მხარდაჭერა გამოხატეს“, - განაცხადა ყაველაშვილმა პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, გაპრეზიდენტების შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან და ირაკლი კობახიძისგან მიიღო.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მანდატი გაგრძელდება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე. ზურაბიშვილს მხარს უჭერენ ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ხალხი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ქუჩაში დგას, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
თითქმის სამი კვირაა, რაც თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
ფორუმი