არ გეჩვენებათ და ეს მხოლოდ თქვენი შეგრძნებები არ არის. აქციების დასაშლელად გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს, ანუ „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენ აირს, წყლის ჭავლში გარეულ ნივთიერებას, ხანგრძლივი ეფექტი აღმოაჩნდა.
განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც საპოლიციო ძალები დემონსტრანტების დასაშლელად 28 ნოემბრიდან მოყოლებული 7 დეკემბრის ღამის ჩათვლით, ამ სპეციალურ საშუალებებს თითქმის ყოველ ღამეს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყენებდნენ.
რამდენად უსაფრთხოა ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილ გარემოში საახალწლო ნაძვის ხის მორთვა და მის გარშემო ბავშვებისთვის ღონისძიებების გამართვა? ამის გარკვევას რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა სხვადასხვა ოფიციალურ უწყებაში.
ამ უწყებების ჯაჭვმა პასუხამდე ვერ მიგვიყვანა.
ვინ რა გვითხრა?
უსაფრთხო გარემოა თუ არა პარლამენტის სიახლოვეს (სადაც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს დედაქალაქის მერია) ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის, აი, ამ კითხვაზე პასუხების ძიება და შემდეგ მოსახლეობის ინფორმირება, რამდენიმე უწყების პასუხისმგებლობაა.
მათ შორის არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. იქ გვეუბნებიან:
„ხომ იცით, ჩვენ ტოქსიკოლოგი არ გვყავს და არ ვიცით. თუ რაიმე გვეცოდინება, გაგაგებინებთ“.
ჯანდაცვის სამინისტროში ასე გვიპასუხეს:
„ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ გვაქვს განცხადება. თუკი იქნება განცხადება, აუცილებლად გაგაგებინებთ“.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში კი გვიპასუხეს:
„არა, ეს ჩვენ არ გვეხება, ამ კითხვებზე პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-ის (დაავადებათა კონტროლის ცენტრის) პრეროგატივაა“.
დავუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც და ვკითხეთ, ხომ არ შეისწავლეს რუსთაველის გამზირზე, ჰაერის დაბინძურების ხარისხის დონე?
მათგან წერილობითი პასუხი მივიღეთ:
„გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდიკატორულ გაზომვებს.
დედაქალაქში ინდიკატორული კვლევები წელს 31 ლოკაციაზე მიმდინარეობს, მათ შორის ცენტრალურ გამზირებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების მეოთხე ეტაპი.
ინდიკატორული კვლევის მონაცემები ონლაინ რეჟიმში ხელმისაწვდომი არ არის. აღებული სინჯები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება. შედეგების შეფასება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად ხორციელდება.
მიღებული შედეგები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge წელიწდეულის სახით ქვეყნდება“.
ანუ შედეგები ქვეყნდება წელიწადში ერთხელო, ბეჭდური სახით.
თუმცა, როდის გამოქვეყნდება შედეგები და ეს მონაცემები მოიცავს თუ არა კონკრეტულად რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციების პერიოდში ჰაერის ხარისხის შემოწმების შედეგებს, ამ კითხვებზე პასუხი არ არის დაკონკრეტებული.
რას ამბობენ ექიმები?
თამუნა გოდერიძე, ექიმი, მედიცინის დოქტორი, ავტორია პეტიციისა, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა. პეტიციის ხელმომწერი 1000 ექიმი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, გამოითხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია იმ ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რომლებსაც სამართალდამცავები დემონსტრანტების დასაშლელად იყენებენ.
თამუნა გოდერიძე ამბობს, რომ ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რა ტიპის ნივთიერებები გაიფრქვა რუსთაველის გამზირზე, რათა სპეციალისტებმა გაარკვიონ, რამდენად უსაფრთხოა ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენ ხანს რჩება ეს ნივთიერებები მყარ საგნებზე, მცენარეებზე, შენობების კედლებზე, რომ გასცენ შესაბამისი ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, თუკი იმ ტერიტორიაზე უწევთ სიარული, ცხოვრება, სწავლა თუ მუშაობა:
„პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, განიცდიან თუ არა ეს ნივთიერებები ბუნებრივ უტილიზაციას, ხომ არ ესაჭიროებათ სპეციფიკური დამუშავება.
მოახლოებულ ახალ წელს თუ ვხვდებით ქალაქის ცენტრში დადგმული ნაძვის ხით, რომელიც, ყველას მოგვეხსენება, პირველ რიგში მცირეწლოვანი ბავშვების თავშეყრის ადგილია, მაშინ პირველ რიგში, მათი უსაფრთხოება უნდა დავიცვათ.
საზოგადოებასთან ერთად, ექიმებიც მოველით, რომ გაკეთდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ ოფიციალური განცხადება გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ საახალწლოდ ხილულად მორთული ნაძვის ხე, უხილავად დამაზიანებელი არ იქნება როგორც მცირეწლოვანი, ასევე ზრდასრული და ხანდაზმული მოსახლეობისთვის“, - ეუბნება თამუნა გოდერიძე რადიო თავისუფლებას.
პეტიცია, რომელსაც 1000-მა ექიმმა მოაწერა ხელი, ჯანდაცვის სამინისტროში სამი დღის წინ შევიდა, თუმცა, თამუნა გოდერიძის თქმით, მათგან პასუხი, ამ დრომდე, არ მიუღიათ:
„ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო ბევრი მოქალაქე აკითხავს სამედიცინო ცენტრებს. ფიზიკურად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ვისაც გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს კლინიკებმა, ვრცელდება ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ, არადა, ამას თავად სამედიცინო დაწესებულებები უნდა აცხადებდნენ, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას.
ექიმებმა კოლეგიალური კომუნიკაციებით ვიცით, რომ არც ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისა და ფსიქიკური სტრესის გამოვლენის გამო მომართვიანობაა ცოტა, მაგრამ ყოველივე ეს არაოფიციალური ინფორმაცია გახლავთ“, - ამბობს თამუნა გოდერიძე.
ექიმმა-ტოქსიკოლოგმა, ოთარ დიხამინჯიამ, როგორც დარგის სპეციალისტმა, იცის, თუ რა ტიპის ქიმიური საშუალებებია ნებადართული საერთაშორისო სტანდარტებით დემონსტრაციების დაშლის დროს.
ასეთი საშუალებებია, მაგალითად, Chloroacetophenone (CN), Chlorobenzylidenemalononitrile(CS), OC gas, მათ კონვენციური საშუალებები ჰქვია და ასევე უწოდებენ Riot-control Agents, ანუ დემონსტრაციების დასაშლელად განკუთვნილ საშუალებებს. ატმოსფეროში გაფრქვევის შემდეგ, მათი მოქმედება, როგორც წესი, არ აღემატება ერთ საათს.
ოთარ დიხამინჯიას თქმით, პირმა, რომელიც ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოხვდება, გარდა იმისა, რომ თვალები უნდა გაიწმინდოს ფიზიოლოგიური ხსნარით ან წყლით, მნიშვნელოვანია, რომ მან დაუყოვნებლივ გაიხადოს ტანისამოსი და ის სხვა ტანსაცმელთან კონტაქტის გარეშე გარეცხოს. დაბინძურებული სამოსი სახიფათოა გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც.
ამ ტიპის საშუალებების გამოყენების შემდეგ, სჭირდება თუ არა გარემოს განსაკუთრებული დასუფთავება ანუ დეკონტამინაცია?,
ოთარ დიხამინჯიას ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ აქვს:
„ამაზე რეკომენდაცია ოფიციალურ წყაროებში არ წამიკითხავს. ამიტომ არ მინდა, გავაკეთო უპასუხისმგებლო განცხადება, როდესაც საზოგადოებას ველაპარაკები, მით უმეტეს, ასეთ სენსიტიურ საკითხზე, არ მინდა, რომ გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც არ არის გადამოწმებული, არ არის მტკიცებულებებს დაფუძნებული“.
მისივე თქმით, გამოსაკვლევია, რატომ უჩნდებათ ადამიანებს თვალებისა და ცხვირის წვის შეგრძნება პარლამენტის სიახლოვეს მაშინ, როდესაც იქ ქიმიური საშუალებები მინიმუმ 24 საათით ადრეა გამოყენებული:
„ეს უნდა გახდეს შესწავლის საგანი, რადგან იმ ნივთიერებების მოქმედების მექანიზმი, რომლებიც ოფიციალურად დაშვებულია და რასაც კონვენციური საშუალებები ჰქვია, საერთაშორისო ნომენკლატურის თანახმად, არ აღემატება ნახევარ, მაქსიმუმ ერთ საათს.
ამ დოკუმენტებში არ არის საუბარი გარემოს დეკონტამინაციაზე, საუბარია იმაზე, რომ იმ ადამიანის დეკონტამინაცია, ანუ დასუფთავება უნდა მოხდეს, ვინც ჩაისუნთქავს ამ ნივთიერებებს და თან ძალიან სწრაფად, რომ არ იქონიონ განმეორებითი ეფექტი“.
რას ამბობენ მშობლები?
ბოლო დღეებია, სხვადასხვა სახის ალერგიული გართულება აწუხებს გვანცა შეროზიას და მის შვილს. მოზარდი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეა. ოჯახი რუსთაველის გამზირის სიახლოვეს ცხოვრობს.
კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა 2 დეკემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს. თუმცა, როგორც სკოლაში ამბობენ, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 12 დეკემბრიდან უნდა განახლდეს:
„ჩემს შვილი, რომელსაც აქვს ალერგიული რინიტი და სასუნთქი გზების სხვა პრობლემები, ვერ ჩერდება იმ ტერიტორიაზე. მეც ანალოგიური პრობლემა მაქვს და მეც დამჭირდა გარკვეული მედიკამენტების მიღება. თავდაპირველად ვერ მივხვდი, რომ ამ ნივთიერების გამო გამოწვეული პრობლემა შეიძლებოდა ყოფილიყო.
დღეს შეიძლება ისეთი სიმწვავით არ იგრძნობა სუნი, მაგრამ ვისაც, მაგალითად, სხვადასხვა სახის პრობლემა აქვს, თუნდაც ალერგიული, ისეთი როგორიც მე, პირბადის და მედიკამენტის გარეშე ვერ გავდივარ ტერიტორიაზე“.
ჯანმრთელობის პრობლემაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდა ქალი. მისი შვილიც კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეა. ამბობს, რომ დღეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა, ჯანმრთელობისთვის, სავარაუდოდ, უსაფრთხო არ უნდა იყოს:
„ალბათ ძალიან დიდი დრო იქნება საჭირო, რომ ეს ტოქსიკური ნადები მოშორდეს ტერიტორიას. რამდენიმე დღეა მაქვს გაუსაძლისი თავის ტკივილები და მაღალი წნევა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს სტრესის ბრალია, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდის და რა დროს დამეწყო თავის ტკივილები. სახლის აივანზე ვიყავი, სარეცხს ვიღებდი, როდესაც რუსთაველზე გაზის გაშვება დაიწყეს. ეს გამონაბოლქვი ამოვიდა ზედა ქუჩებზე და ვეღარ მოვასწარი დროულად სახლში შესვლა.
მას შემდეგ დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. დღემდე იგრძნობა სუნი. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა პრობლემებს შეგვიქმნის ამ ტიპის ინტოქსიკაცია.
ძალიან არასწორი იქნება სწავლის განახლება სკოლის კედლებში. იქ ტერიტორია ისეთი დაბინძურებულია, რომ, სავარაუდოდ, დიდი დრო დასჭირდება ამ ტერიტორიის დასუფთავებას, აღარაფერს ვიტყვი გამწვანებებსა და კედლებზე, რომლებსაც შეიძლება შეეხოს ბავშვი, შემდეგ ეს ხელი ან თვალში ამოისვას ან პირში და დავიღუპოთ. ამიტომ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა“.
იმ შემთხვევაში, თუკი 12 დეკემბერს კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი განახლდება, ქეთი (სახელი შეცვლილია) არ აპირებს შვილის სკოლაში წაყვანას, რადგან არ იცის, უსაფრთხოა თუ არა ჰაერი გიმნაზიის მახლობლად, სადაც დემონსტრანტების დასაშლელად რამდენიმე დღის წინაც იყენებდნენ „სპეციალურ საშუალებებს“:
„ძალიან კარგი იქნება, თუკი ჩვენ გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა დღეს ის ტერიტორია ბავშვებისთვის უსაფრთხო. ეს ყველა მშობელს აინტერესებს და ამ კითხვებზე პასუხს ოფიციალური უწყებებიდან ვერ ვპოულობთ. გარდა სკოლაში სწავლის განახლებისა, იქ ახლა ნაძვის ხეც დაიდგა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზე პასუხი გვქონდეს“.
7 დეკემბერს სამმა ქართულმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებით მიმართა გაეროს სპეციალური მომხსენებელს ადამიანის უფლებაზე სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე; სპეციალურ მომხსენებელს ტოქსიკურ ნივთიერებებსა და ადამიანის უფლებებზე და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს გარემოს დაცვის საკითხებში ორჰუსის კონვენციის მიხედვით.
გარემოსდამცველები, მანანა ქოჩლაძე, მედეა ტურაშვილი და მარიამ ფაცაცია, განცხადებაში აღწერენ პროევროპულ აქციებზე სამართალდამცავების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების მასშტაბებს, რამაც, მათი თქმით, „გამოიწვია შეშფოთება ადამიანის უფლებათა გლობალური პროტოკოლების დაცვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, Amnesty International-ისა და CDC-ის მიერ შექმნილ პროტოკოლებთან მიმართებით“:
„ამ ტერიტორიაზე დაბინძურების დონე მაღალია. მაშინაც კი, როდესაც იქ დემონსტრაცია არ იმართება და არ არის გამოყენებული გაზი, მოქალაქეებს აღენიშნებათ ხველა, ალერგიული სიმპტომები. ამ ტერიტორიის განიავება პრობლემას წარმოადგენს, მჭიდრო დასახლებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია მსგავს საკითხებზე რეაგირებაზე, ჩუმადაა. უგულებელყოფს დეკონტამინაციის ზომების მიღების აუცილებლობას და არ აძლევს მოქალაქეებს რეკომენდაციებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უფლებადამცველები სთხოვენ გაეროს წარმომადგენლებს, შუამდგომლობა გაუწიონ და დაეხმარონ მათ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში, რათა:
- შესაბამისმა სტრუქტურებმა გამოაქვეყნონ იმ ქიმიური ნივთიერებების სახელწოდებები, რომლებსაც იყენებენ დემონსტრანტების დასაშლელად;
- გამოაქვეყნონ რეკომენდაციები მოსახლეობისთვის;
- დაიწყონ გამოძიება, გამოიყენებოდა თუ არა სპეციალური საშუალებები კანონის შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს აქციაზე გამოყენებული „სპეციალური საშუალებების“ სახეობები და ქიმიური ნივთიერებების ტიპები.
ფორუმი