Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი


საილუსტრაციო ფოტო: აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი
საილუსტრაციო ფოტო: აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი

შშმ ადამიანების უფლებების დამცველი, აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი ერთ-ერთია აქციის იმ მონაწილეებს შორის, ვისაც, მხოლოდ იმისთვის, რომ დემონსტრაციაზე იდგა, სპეცრაზმმა გამეტებით სცემა. მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა, უჭირს სუნთქვა, დაზიანებები აქვს სახესა და სხეულზე.

რადიო თავისუფლებამ ნაცემი ადამიანების ამბების შეგროვება დაიწყო - ამ სტატიაში გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავს მოგიყვებით.

აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი, დააკავეს რუსთაველზე, 1-2 დეკემბრის ღამით.

ეს გიას ფოტოა ამ დილით, 2 დეკემბერს გადაღებული. ამბობს, რომ სპეცრაზმს ბეწვზე გადაურჩა და დეტალურად გვიყვება გასული ღამის ამბავს. სტუდიაში მოსვლა ვერ შეძლო.

უკვე დილის ოთხი საათი იყო, როცა აქციაზე კიდევ ერთხელ გაუშვეს გაზი. დემონსტრანტები, როგორც ასეთ დროს იქცევიან ხოლმე, პარლამენტის ახლომახლო ქუჩებში გაიფანტნენ. სწორედ ამ მომენტში, გიას ერთი მეგობარი გოგო, ბესიკის ქუჩის კუთხეში, მარტო აღმოჩნდა დროშით ხელში და მარტო რომ არ დარჩენილიყო, გიაც მისკენ დაიძრა.

„ყველა აქციაზე იქ ვარ - ამ დღეებშიც და წინა თვეებშიც. ხან დემონსტრანტებსა და პოლიციის შუაში ვდგავარ, სულ პოლიციის თვალწინ და არასოდეს დავუჭერივარ. გააზრებულად ძალადობრივს არაფერს ვაკეთებ და ახლაც მეგონა, რომ არ დამიჭერდნენ“.

რამდენიმე სპეცრაზმელი მას უცბად მივარდა, შენ გვესროლე მოლოტოვიო? - უყვირეს და დაუწყეს ჯაჯგური, საქართველოს დროშა მოიხსენი, შენ ამის ღირსი არ ხარო.

გია ჯვარშეიშვილს ხელები მშვიდობის ნიშნად ჰქონდა მაღლა აწეული და ძალით ჩამოაწევინეს. თან ერთმანეთს ეუბნებოდნენ, არ დაარტყა, არ დაარტყაო. ჟურნალისტები იღებდნენ მისი დაკავების სცენას. უცებ რამდენიმე სპეცრაზმელმა გია ხელში აიტაცა და ისე, რომ მიწაზე ფეხიც არ დაადგმევინეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს.

კადრი ვიდეოდან, სადაც სპეცრაზმელებს გია ჯვარშეიშვილი გაჰყავთ რუსთაველიდან
კადრი ვიდეოდან, სადაც სპეცრაზმელებს გია ჯვარშეიშვილი გაჰყავთ რუსთაველიდან

„ჩვეულებრივად, თბილისურად მაგინებდნენ. „მოგტ....ვთო“, მეუბნებოდნენ. ასე მიმიტანეს დაკავების მანქანამდე და მანამდე ის ცნობილი თავიანთი კორიდორი გამატარეს, სადაც ორასი კაცი ერთად მაგინებდა. როგორც კი თვალს მოვშორდი, სხვების გასაგონად დაიძახეს, ამან ისროლა მოლოტოვის კოქტეილიო და ამის გაგონებაზე, სხვა გააფთრებული სპეცრაზმელი მეცა“.

გია ჯვარშეიშვილი იხსენებს, რომ ურტყამდნენ გამეტებით. ჯერ ჩუმად და ქვემოდან, მაგრამ დაკავების მანქანაში, სადაც სხვა ნაცემებიც ჰყავდათ, გრძელ სკამებს შორის დააგდეს და ფეხებით შედგნენ. გია ცდილობდა სკამის ქვეშ შემძვრალიყო, რომ როგორმე იქნებ სახე დაეცვა, მაგრამ ზემოდან, ისეთი ძალით ურტყამდნენ ფეხსაცმლის ძირს, რომ აცილება შეუძლებელი იყო.

„უცებ აუტანელი ტკივილი დამეწყო და მივხვდი, რომ რაღაც დამემართა. მაშინ ჯერ არ ვიცოდი, ნეკნი რომ მქონდა მოტეხილი. ძალით ამაყენეს, მაგრამ ტკივილისგან დავეცი და მარშრუტკის ბოლოში გავცოცდი. ეტყობა ეს მანქანაც სპეციალური მანქანაა, არც ფანჯარა აქვს. დიდი ადგილია შიგნით... რაღაც მომენტში, სუნთქვა გამიძნელდა. მესმოდა, როგორ თქვეს, არ მოკვდეს ეს დედამო...ლიო“.

ერთხანს ასე ეგდო. მანქანაში მყოფ სხვა დაკავებულებს ერთმანეთთან ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ. გია იხსენებს, რომ მათ მხოლოდ ის სთხოვა, რომ ექიმი მოეთხოვათ. მერე შუქი ჩააქრეს და დაახლოებით 15 წუთი სრული სიბნელე იყო. როცა კარი გაიღო და, სავარაუდოდ, ექიმმა მიაკითხა.

„ოღონდ მასაც ფორმა ეცვა და სპეცრაზმელის ქუდი ეხურა, არ შეგეშინდეს, არ დაგარტყამო, მითხრა, გამსინჯა და თქვა, ეს სასწრაფოთია გადასაყვანიო. ამის მერე ერთი სპეცრაზმელი შემოვიდა და სანამ სასწრაფოს ექიმი მოვიდოდა, ერთი ბოთლი წყალი სახეზე დამაცალა და გაათრიეთ აქედანო“.

საკაცე მანქანაში ვერ შეეტია და სასწრაფომდე, როგორც გია ჯვარშეიშვილი იხსენებს, ისე მიათრიეს. იქ მოსთხოვეს სახიდან ხელი ჩამოეწია, ახლო ხედით ფოტოები გადაუღეს, ბომჟი ეძახეს და გაეცალნენ.

გიას ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე, სადაც ედო ფული და საბუთები. წაართვეს ზურგჩანთა.

„რაც ყველაზე შესამჩნევია, ისინი არ ერიდებიან ადამიანების განგებ დაზიანებას. ეს არ არის თავდაცვა. უბრალოდ, შემთხვევით გადავრჩი“.

2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG