უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
7 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც „ისტორიული დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეთანხმდნენ მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობის განვითარებაზე.
ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამდა აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების დიდი მასშტაბის გამო და აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვაჭარია, ვინც ოდესმე უნახავს, რადგან ამერიკისგან იმდენი ფული არავის მიუღია, რამდენიც ზელენსკიმ წაიღო.
2024 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობისთვის ნიუ-იორკში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, გააცნო უკრაინის „გამარჯვების გეგმა“.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 60,4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
ფორუმი