Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინას ვერ აიძულებენ ტერიტორიების დათმობას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიებს არ დათმობენ.

სამხრეთ კორეის ტელეკომპანია KBS-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში და შეიცვლება თუ არა ვაშინგტონის მხარდაჭერის პოლიტიკა, უკრაინა თავისი ტერიტორიების საკითხში კომპრომისებზე არ წავა.

ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა ან გააძლიეროს, ან შეასუსტოს, შესუსტება კი რუსეთს მისცემს უკრაინის მეტად ოკუპირების შესაძლებლობას.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, თუ გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპი მოინდომებს ომის დასასრულებლად უკრაინას აიძულოს ტერიტორიების დათმობა და ამ გზით შეეცდება რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ეს შეუძლებელი იქნება.

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ 2024 წლის აგვისტოდან დაწყებულ ოპერაციაზე დასმულ შეკითხვას ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორია არ სჭირდება და კურსკში მხოლოდ ბუფერული ზონა შექმნა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ამ რეგიონში ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროების გამოყენებას, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი აპირებს გამოცადოს მსოფლიოს რეაქცია, რომლის მიხედვით კონტინგენტის გაზრდას გადაწყვეტს.

ამ ეტაპზე არსებულ რეაქციას ზელენსკიმ „ნულოვანი“ უწოდა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს, რომელსაც ოპონენტები რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი დადებით დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ, არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია. ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმ სამხედრო დახმარების გამო, რომელსაც უკრაინას უწევს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია.

დემოკრატები მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპის პოზიციას. პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის განცხადებით, თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, პუტინი კიევში იჯდება და მზერა მიპყრობილი ექნება დანარჩენი ევროპისა და ამერიკის ნატოელი მოკავშირეებისკენ.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
  • პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG