Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელით უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნებულ ჩეჩენ მებრძოლებს?


ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი (მარცხენა) და ჩეჩნეთის სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური, გენერალი აპტი ალაუდინოვი
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი (მარცხენა) და ჩეჩნეთის სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური, გენერალი აპტი ალაუდინოვი

უკრაინის ტყვეობაში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს თავიანთი მეთაური, აპტი ალაუდინოვი ურჩევდა, რომ ცოცხლები არ დაბრუნებულიყვნენ, თუმცა, მუქარის მიუხედავად, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად გროზნოში დაბრუნდა ოთხი ჩეჩენი ჯარისკაცი.

ჩეჩნეთში დაბრუნდნენ სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ ის წევრები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ 2024 წლის აგვისტოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრის პირველსავე დღეებში. დაბრუნება მოხდა უკრაინელი და რუსი ტყვეების გაცვლის ფარგლებში. საუბარია „ახმატის“ ოთხ მებრძოლზე, რომლებსაც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, წინ ტყვეობაზე მძიმე დღეები ელით.

სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ ოთხი წევრი უკრაინელმა ჯარისკაცებმა ტყვედ აიყვანეს 7 აგვისტოს, რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც ისინი, როგორც ჩეჩენი უფლებადამცველი აბუბაქარ იანგულბაევი ამბობს, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ გაბედავდნენ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას.

2024 წლის 7-8 აგვისტოში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც „ახმატის“ ფორმაში ჩაცმული თვალებახვეული სამხედროები კითხვაზე, საიდან ხართ, უხალისოდ უპასუხებდნენ: გროზნოდან, „ახმატიდან“.

უკრაინულმა Telegram-არხებმა მაშინ დაწერეს, რომ „ახმატის“ მებრძოლები პოზიციებიდან გაიქცნენ, რადგან, როგორც მოგვიანებით თვითონ ტყვეებმა განმარტეს, ჩაგონებული ჰქონდათ, რომ ჩეჩნები არ ნებდებიან.

როგორც აბუბაქარ იანგულბაევმა უთხრა ტელეკომპანია „დოჟდს“, კადიროვი ვერ იტანს ადამიანებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ.

„პირველ რიგში იმიტომ, რომ შერცხვენის ეშინია. სპეცრაზმი "ახმატი" ხომ მისი მამის სახელს ატარებს და მისი სიძლიერის სიმბოლოა“, - ამბობს ჩეჩენი უფლებადამცველი.

აბუბაქარ იანგულბაევი
აბუბაქარ იანგულბაევი

კადიროველებს მართლაც დასცინეს. რუსულმა პროსახელისუფლებო Telegram-არხმა Alex Parker Returns-მა ასე აღწერა ჩეჩენი მებრძოლების უკრაინელთა ტყვეობაში მოხვედრის ამბავი:

„იმიჯის გამოსასწორებლად და იმ თეზისის დასამტკიცებლად, რომლის თანახმადაც, "ახმატი" ცოტათი, მაგრამ მაინც ძალაა, ჩეჩნებმა მოიკრიბეს ძალები და დანებდნენ "ხახოლებს" კურსკის ოლქში“.

რუსულ მედიაში ასევე ქილიკის დიდი ნიაღვარი გამოიწვია ტყვედ ჩავარდნილი ერთ-ერთი ჩეჩენი მებრძოლის ძვირადღირებულმა ტანისამოსმა - stefano ricci-ს 2300-დოლარიანმა ჰუდმა.

ტყვე ჩეჩენს, მკვდარი ჩეჩენი ურჩევნიათ?!

ჩეჩენი მეომრების ტყვედ ჩავარდნაზე ნიშანდობლივი რეაქცია ჰქონდა „ახმატის“ მეთაურსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილეს, გენერალ-მაიორ აპტი ალაუდინოვს, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ არ აპირებს ტყვეობიდან იმ ჩეჩენი ჯარისკაცების დახსნას, რომლებიც უკრაინელებს ტყვედ დანებდნენ.

ალაუდინოვის თქმით, მან უყურა დატყვევებული ჩეჩნების რამდენიმე ვიდეოს, რომლებზეც ისინი ჩეჩნეთში მყოფ ნათესავებს მიმართავენ: „მიმართეთ აპტი ალაუდინოვს, მან იცის როგორ დაგვიხსნას“.

აპტი ალაუდინოვი
აპტი ალაუდინოვი

„უხსოვარი დროიდან ჩეჩნები ტყვედ ჩაბარებას მიიჩნევენ სირცხვილად, რომელიც მხოლოდ საკუთარი სისხლით შეიძლება ჩამოირეცხოს. მებრძოლები, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ უკრაინელ სამხედროებს, ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ალაუდინოვი უშუამდგომლებთ ან რამეს გააკეთებს მათ გამოსახსნელად. არ მგონია, რომ თქვენ იმსახურებთ სიცოცხლეს. მიკვირს, როგორ აპირებთ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც თათები აწიეთ და გოგოებივით დანებდით, - ამბობს აპტი ალაუდინოვი ერთ-ერთ მიმართვაში, - ახლაც, როცა ტყვეობაში იმყოფებით, ადექით და რამე აიღეთ ხელში, კალამი ან ლურსმანი და თავი მოიკალით, ან ეკვეთეთ ვინმეს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მოგკლან“.

კიდევ ერთ მიმართვაში აპტი ალაუდინოვი ამბობს: „უკრაინელებს ვეუბნები: თქვენთვის დაიტოვეთ, ჩვენ არაფერში გვჭირდებიან <...> არც დამირეკოთ. მე შემიძლია გამოვიხსნა ან გავცვალო ყველა, ოღონდ არა ჩეჩნები, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ <...> ჩემთვის ისინი არ არსებობენ“.

რა ელოდებათ ჩეჩენ მებრძოლებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?

რუსლან კუტაევი, „კავკასიის ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი, ფიქრობს, რომ მათ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

„სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ იმით, რომ საერთოდ გაცვლასა და რუსეთში დაბრუნებას დათანხმდნენ, - ეუბნება რუსლან კუტაევი რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის პროექტ Kavkaz.Realii-ს, - თუმცა, მეორე მხრივ, უარი რომ ეთქვათ, ეს გარემოება ძალიან მძიმედ, შეიძლება ითქვას, ტრაგიკულად აისახებოდა მათი ახლო ნათესავების სიცოცხლეზე. ასე რომ, ძალიან მძიმე ხვედრი ელით. მართლა შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა დატრიალდება მათ თავს. თუმცა ისიც ცნობილია, რომ რუსეთს ფრონტზე ძალიან სჭირდება ხალხი. ამიტომ, დიდი ალბათობით, ამ ადამიანებს კვლავ დააბრუნებენ ომში, წინა ხაზზე, ისეთ ადგილებში, საიდანაც, როგორც წესი. ცოცხლები ვერ ბრუნდებიან“.

კადიროველები პირველად არ ჩავარდნილან ტყვეობაში. 2023 წელს უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ხუთმა ჩეჩენმა მებრძოლმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში რამზან კადიროვს, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩეჩნეთის მეთაურმა უარი განაცხადა მათთან შეხვედრაზე. ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში დატუქსა ისინი უღირსი საქციელის გამო და ფრონტზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

როგორც Kavkaz.Realii წერს, ამ ხუთი ჯარისკაცის შემდგომი ბედი უცნობია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG