Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მასკის წინასაარჩევნო ლატარია შეიძლება უკანონო იყოს


ილონ მასკი ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ბატლერი, პენსილვანიის შტატი. 10 ოქტომბერი, 2024 წელი
ილონ მასკი ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ბატლერი, პენსილვანიის შტატი. 10 ოქტომბერი, 2024 წელი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გააფრთხილა მილიარდერ ილონ მასკის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტი, America PAC, რომ შეიძლება ფედერალურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს ბიზნესმენის ინიციატივა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყოველდღე გაათამაშოს მილიონი დოლარი "მოყოყმანე" ანუ იმ შტატებში, რომლებიც არ არიან ორი წამყვანი პარტიიდან რომელიმეს ტრადიციული მომხრე.

ამის შესახებ ვითარებაში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება NBC News-ი. ახლახან CNN-ი წერდა, რომ მასკის კომიტეტმა წერილი მიიღო იუსტიციის სამინისტროს კორუფციის განყოფილებიდან, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებს იკვლევს.

21 ოქტომბერს ყოფილი პროკურორების და მთავრობის ყოფილი მოხელეების ჯგუფის წერილი შევიდა იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც მასკის ლატარიის, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის პოტენციური დარღვევის საქმის გამოძიებას სთხოვდნენ.

იურისტებმა, ექსპერტებმა NBC News-ს აცნობეს, რომ მასკის ლატარია, მათი აზრით, სამართლებრივ რუხ ზონაში ხვდება და არაა აუცილებელი კანონს არღვევდეს.

ფედერალური კანონით, კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ფულის გადახდა დანაშაულია, მაგრამ პეტიციაზე ხელის მოწერა - არა, წერდა New York Times-ი.

მასკმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყოველდღიურად, "მოყოყმანე შტატებში" გაათამაშებს მილიონ დოლარს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ამერიკის კონსტიტუციის ორი - პირველი და მეორე - შესწორების (სიტყვის თავისუფლებისა და იარაღის ტარების უფლების) დასაცავად მის პეტიციას მოაწერენ ხელს. პეტიციის ტექსტი გამოქვეყნდა America PAC-ის საიტზე, რომელიც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს უჭერს მხარს.

America PAC-ს მასკმა 75 მილიონი დოლარი შესწირა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის უმსხვილესი დონორი გახდა.

არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარდება. „მოყოყმანე შტატებად“ ითვლება არიზონა, მიჩიგანი, ჯორჯია, ნევადა, ჩრდილოეთი კაროლინა, ვისკონსინი და ორივე პარტიისთვის მნიშვნელოვანი პენსილვანია.

გასულ კვირაში მასკი რამდენჯერმე იყო პენსილვანიაში, რათა ამომრჩევლები წაექეზებინა, გატარდნენ რეგისტრაციაში. NBC News-ის თანახმად, ამ ეტაპზე მასკის ლატარიის ოთხი გამარჯვებულია ცნობილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG