Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში გაიმართება - ხელისუფლება ჰომოფობიური განცხადებებით ცდილობს მის დისკრედიტაციას 


ევროკავშირის მხარდამჭერი სტენსილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე წარწერით "ჩვენ ვართ ევროპა"
ევროკავშირის მხარდამჭერი სტენსილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე წარწერით "ჩვენ ვართ ევროპა"

20 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური მარშია დაგეგმილი - მსვლელობა დღის 5 საათზე ქალაქის რამდენიმე ადგილიდან დაიძვრება და მისი მონაწილეები საღამოს 7 საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტია დაგეგმილი. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მარშის ჩატარების მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა.

ხელისუფლების წევრები მასშტაბურ მსვლელობას ჰომოფობიური განცხადებებით ეხმაურებიან და საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში რეალურად გარე ძალების მხრიდან არის მართული და ის “პრაიდის” მსვლელობის ანალოგიაა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა მსვლელობის ორგანიზატორად “თბილისი პრაიდი” დაასახელა.

"როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ტრადიციებზე, საქართველოზე და ქართველობაზე, ამ დროს, "თბილისი პრაიდმა", რომელიც ქვეყანაში კაცების გათხოვების დაკანონების მომხრეა, უნდა ჩაატაროს მარში და უნდათ აქ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა.

ეს არ არის ქართული არჩევანი, ეს არის "თბილისი პრაიდისა" და უცხოეთიდან გათხოვილი კაცების შედგენილი დღის წესრიგი, აქ საქართველოს საზოგადოება და მისი უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არასდროს მიიღებს."


მარშს “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გამოეხმაურა კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. მან მსვლელობაზე საუბრისას ერთდროულად გააკეთა დასავლეთის მადისკრედიტებელი და ჰომოფობიური განცხადება და ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ როთი.

„მგონია, რომ დღეს ვინც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა, ისინი ყველანი „როთები“ არიან, ჰოდა, დღეს შეკრებაა. მე უბრალოდ, მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი: იცით, რომ ამ „პრაიდის“ გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით, ანუ ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად, თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ - თქვენ ამას ეთანხმებით? თქვენ მომხრე ხართ, რომ აქ ლესბოსელი, გეი აქტივისტები და მათი პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში? - მაშინ, კი ბატონო, მიბრძანდით“, - ნათქვამია ირაკლი ზარქუას სახელით “ქართული ოცნების” პრესსამსახურის გავრცელებულ ტექსტში. ამავე განცხადებაში დეპუტატი საქართველოს დასავლური კურსის მხარდამჭერ და კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს “შეცდომაში შეყვანილებად” მოიხსენიებს, მარშის ორგანიზატორებს კი მადლობას უხდის იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენებენ განსხავავებას “ქართულ ოცნებასა” და “ლგბტ საზოგადოებას” შორის.

20 ოქტომბერს დაგეგმილი მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. 19 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურად ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თვითონაც მიიღებს მსვლელობაში მონაწილეობას და მოქალაქეებს სთხოვა ქუჩაში გამოსვლით დააფიქსირონ საკუთარი ნება.

თბილისში მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეკრებას იწყებენ ხუთ ადგილზე:

  • რესპუბლიკის მოედანი;
  • გმირთა მოედანი;
  • 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
  • მარჯანიშვილის მოედანი;
  • ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).

თბილისის გარდა, დასავლური არჩევანის მხარდამჭერი გამოსვლები გაიმართება ევროპის რამდენიმე ქალაქშიც - ამ გამოსვლებს საქართველოს საზღვრებს გარეთ ემიგრანტები აორგანიზებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG