Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს მთავრობა ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს" - ევროკავშირის საბჭომ საქართველოზე იმსჯელა


"აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია თბილისში
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია თბილისში

15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს, ამის შესახებ იუწყება უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრი იანოს ბოკა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იანოს ბოკამ განაცხადა, რომ სხდომის მიმდინარეობისას საქართველოს საკითხი გერმანიამ წამოჭრა. "ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას რეგიონის სტაბილურობისა და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ".

უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრი დასძენს, რომ ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში 17-18 ოქტომბერს გაიმართება და რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მოიყრიან თავს, იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, პირველ რიგში კი - საქართველოზე.

ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა.

ანა ლიურმანმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აფერხებს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებას:

"ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად მიიღონ გადაწყვეტილება თავისი გზის, სამომავლო მიმართულების შესახებ", - განაცხადა ანა ლიურმანმა.

მისი განცხადება მოსდევდა თბილისის მერის, კახა კალაძის ნათქვამს - კალაძემ ანა ლიურმანს წინა დღეს უწოდა "კუბილიუსი კაბაში".

ლიურმანმა მანამდე საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა და თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს "საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აფერხებს".

კალაძის განცხადების პასუხად, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაწერა, რომ "ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა".

ბენჟამენ ადადმა, ევროპის საკითხებში საფრანგეთის დელეგატმა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ღირებულებებსა და მათ მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში:

"იცით, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. მაგრამ ევროკავშირი ღირებულებითი ერთობაა სამართლებრივი სახელმწიფოთი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტური ნორმის პატივისცემით, სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემით, უმცირესობების, ლგბტ თემის პატივისცემით. ამ თვალსაზრისით, საქართველოში შექმნილი მდგომარეობა გვაწუხებს", - თქვა ადადმა.

მან ასევე გაიმეორა ის გზავნილი, რაც საქართველოს მთავრობამ "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის - ერთობლივი განცხადებიდან მიიღო, რომ პატივი სცეს არჩევნების სანდოობასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა "აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რასაც არ იზიარებს საქართველოს მმართველი პარტია.

პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები "გადაიტვირთება".

კობახიძემ უპასუხა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებას, რომ საქართველოში უფრო "ბნელი სურათია", ვიდრე მოლდოვაში.

"ეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი. თქვენ იცით, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით - იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა. ეკონომიკური კუთხით, 9 მილიარდით გავზარდეთ სხვაობა ჩვენ ეკონომიკებს შორის, საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, რაც არის, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ჩვენ მოლდოვისგან განსხვავებით გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

სააგენტო Reuters-ი ევროპული საბჭოს 17-18 ოქტომბრის სამიტისთვის მომზადებული დასკვნის პროექტზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ, გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას.

სააგენტო ასევე იუწყება, რომ "ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე, მაგრამ ასევე ადასტურებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გამო".

ფორუმი

XS
SM
MD
LG