Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიურმანი: მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას


ანა ლიურმანი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში
ანა ლიურმანი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში

ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განაცხადებით, დღეს, 14 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან საუბარში ლიურმანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას სირთულეებს უქმნის ევროინტეგრაციის გზაზე.

“ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. სრულიად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აფერხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხალხს ჰქონდეს უფლება, თავიანთი გზა თავისუფლად განსაზღვრონ და ამიტომაც, საკვანძო მნიშვნელობისაა არჩევნების სანდოობა, რომ ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს”, - განაცხადა ანა ლიურმანმა.

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, საქართველოს საკითხი მინისტერიალის დღის წესრიგში არ არის, მაგრამ თუ ზოგ წევრს მისი განხილვა მოუნდება, "ასეც მოიქცევიან".

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო მინისტრები სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, მათ შორის - ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრები ინფორმირებული იქნებიან საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების შესახებაც.

ლიურმანის განცხადების კომენტირებისას პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა" და მსგავს განცხადებებს, რომლებიც მრავლად მოუსმენიათ, აქვს "ჩალის ფასი".

"აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ”, - თქვა კალაძემ მედიასთან კომენტარში.

გასულ კვირაში ევროპარლამენტმა მიიღო მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვასა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა "აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რასაც არ იზიარებს საქართველოს მმართველი პარტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG