„ჩვენი უდიდესი პრობლემა ის არის, რომ ყურძენს კარგი ფასი არ აქვს“, - ამბობს დიმიტრი მახვაშვილი. ზის თავის საბჭოთა დროინდელ, ნარინჯისფერ სატვირთო მანქანაში, საბარგული ყურძნით აქვს დატვირთული და ადგილობრივ გადამამუშავებელ ქარხანაში მიაქვს.
ყურძენს სახელმწიფო ასუბსიდირებს, მაგრამ ყურძნის ფასები მაინც მრავალი წელია, უკმაყოფილების წყაროა. გასულ წელს, მაგალითად, კახელმა გლეხებმა დაბალი ფასების გასაპროტესტებლად ყვარელში, - სადაც 8000-მდე ადამიანი ცხოვრობს - და მის მიმდებარედ, გზები გადაკეტეს. „ხალხის შრომა არ ფასდება, გლეხებს არაფერი აქვთ“, - გვითხრა მახვაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები კი ახლოვდება, მაგრამ მახვაშვილს მაინცდამაინც არ სჯერა, რომ რომელიმე მონაწილე პარტია რამეს გააკეთებს მის - და გლეხების - დასახმარებლად. „ყველა ამბობს, რომ ყურძენზე ფასის გაზრდას ვაპირებთო, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირობას არავინ ასრულებს“, - გვითხა მან.
გარდამტეხი არჩევნები
„გარდამტეხი მომენტი საქართველოსთვის“ - ქვეყნის ოპოზიციური პარტიები არჩევანს წარმოაჩენენ, როგორც მკვეთრ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის; ოპოზიციის მტკიცებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას, - რომელიც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე აშშ-ის და ევროპის ერთგული მოკავშირე იყო, - რუსეთისკენ მიაქანებს. ოპოზიცია კი საქართველოს დასავლეთთან ახლო ურთიერთობების აღდგენის პირობას დებს.
ეს ნარატივი კარგად დაეხმარა ქვეყნის ურბანული, საშუალო ფენის ოპოზიციის მხარდამჭერების ენერგიის გაღვივებას. ამ გაზაფხულზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ე.წ. რუსული კანონის გასაპროტესტებლად, - კანონისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც სუბიექტები, რომლებიც მუშაობენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“.
თუმცა ანალიტიკოსები და, კვლევების თანახმად, გამოკითხულები ამბობენ, რომ გეოპოლიტიკაზე ორიენტირებული გზავნილი არ იქნება რეზონანსული ქართველების 70 პროცენტისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დედაქალაქ თბილისის გარეთ და რომლებსაც, პირველ რიგში, „საყველპურო“, ყოველდღიური ცხოვრების საკითხები ადარდებთ.
ამერიკული „მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო წინასაარჩევნო შეფასების მისიამ საქართველოში განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი დასკვნა იყო, რომ „სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის მრავალი წარმომადგენლის [გონებაში არსებობს] რწმენა, რომ ქართველმა ამომრჩევლებმა ზურგი შეაქციეს „ქართულ ოცნებას” და ისინი არჩევნებს აღიქვამენ, როგორც არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის. საარჩევნო დაშინების და შესაძლო მანიპულირების შემთხვევაშიც კი, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ [„ქართული ოცნება”] ვერ გაიმარჯვებს“.
„თუმცა ამ აზრს ეწინააღმდეგებოდნენ ისინი, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ამომრჩეველთა მოსაზრებებს და დროს თბილისის გარეთ ატარებს“, - წერია ანგარიშში.
„ისინი აცხადებენ, რომ ქართველების უმრავლესობისთვის მთავარი საკითხები ეკონომიკა და სამუშაო ადგილებია და არა ევროკავშირში გაწევრება და „ქართული ოცნების“ გზავნილი, რომ ქვეყანამ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან“.
მსგავსი დასკვნები ჩანს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსის, ნინო სამხარაძის ანგარიშში რეგიონებში ჩატარებული საარჩევნო კამპანიების შესახებ.
„თუ პარტიებს რეგიონებში ხალხთან კომუნიკაცია აქვთ, ისინი ამას აკეთებენ არა არასწორად, არამედ არაზუსტად“, - უთხრა სამხარაძემ რადიო თავისუფლებას. „ისინი საუბრობენ ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანზე და ადგილობრივებს მარნეულსა თუ სვანეთში ეს, უბრალოდ, საკმარისად არ აინტერესებთ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და [რეგიონში მცხოვრებმა ქართველებმა] ეს იციან, მაგრამ ყოველდღიურობაში, როდესაც ისინი იღვიძებენ, ძირითადად ადარდებთ, მაგალითად, პროდუქციის გაზრდილი ფასები“.
ბრძოლა განსხვავებული საკითხებისთვის
არც „ქართული ოცნების” კამპანიის გზავნილებია კონცენტრირებული საყოფაცხოვრებო საკითხებზე: მათ საბოლოოდ მოირგეს სოციალური კონსერვატიზმი ისეთი კანონების მიღებით, რომლებიც ზღუდავენ, როგორც თავად უწოდებენ, „ლგბტ პროპაგანდას“ და გაისიგრძეგანეს ანტიდასავლური ნარატივი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტზე კონცენტრირდება.
მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის ხარჯზე, ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა მათ დამსახურებად ეთვლებათო, ამბობს ნინო სამხარაძე.
ხალხმა „მეტი იცის მმართველი პარტიის შესახებ, რადგან ისინი ყოველთვის ყველგან არიან“, - განაცხადა სამხარაძემ. „საქართველოში [მმართველი] პარტია და ხელისუფლება, არსებითად, ერთი და იგივეა და მათ ურთიერთშენაცვლებით მოიხსენიებენ. ამიტომ „ქართული ოცნების“ მერი მათთვის ნიშნავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს და არა მთავრობის წარმომადგენელს… თუ გზას აშენებენ, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აშენებს გზას და არა მთავრობა“.
ოპოზიციური პარტიების პრობლემები კი საკმაოდ დიდია. ისინი დიდ ფულს ან დროს არ ხარჯავენ სოფლებში ან პატარა ქალაქებში, ძირითადად რესურსების ნაკლებობისა და იმ მოსაზრების გამო, რომ თავიანთი ძალების კონცენტრაცია უნდა მოახდინონ იქ, სადაც მათი შანსები მეტია.
ასე რომ, პარტიების ადგილობრივი ოფისები ცოტაა და რაც არსებობს, ძნელად საპოვნელი, ძნელად დასაკავშირებელიაო, გვითხრა სამხარაძემ. სოფლად მცხოვრები ხალხი უფრო მეტად არის დამოკიდებული სამთავრობო სერვისებზე, რომელთაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს, რაც სარისკოს ხდის ოპოზიციის ღიად მხარდაჭერას.
მათი ყველა ეს სისუსტე გამოკითხვებში აისახება. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“, - თბილისში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, - ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩევლები თბილისის გარეთ ბევრად უფრო ენდობიან ამჟამინდელ ხელისუფლებას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცენ ხმა.
ამომრჩევლის მობილიზება
აქ, ყვარელში, საქართველოს მეღვინეობის უმთავრესი რეგიონის გულში, „ქართული ოცნების“ ასობით პლაკატია გაკრული ელექტროენერგიის გადამცემ ბოძებსა და მიტოვებულ შენობებზე. არცერთი სხვა პოლიტიკური პარტიის კვალი არ ჩანს.
„სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები არაფერს აკეთებენ ყვარელში“, - თქვა ოპოზიციის მხარდამჭერმა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც, ადგილობრივი ხელისუფლების შიშით, ანონიმურობის დაცვის პირობა ჩამოგვართვა. „ძალიან მეშინია. წელს კიდევ უფრო პასიურობაა“ წინა კამპანიებთან შედარებითო.
„კახეთში მთავარი თემა ყოველ წელს ყურძნის ფასია“, - გვითხრა მან და დასძინა, რომ ოპოზიციური პარტიები ამ საკითხზე პოზიციის გამოხატვას ვერ ახერხებენ. „ეს დიდი პრობლემაა“.
როცა რადიო თავისუფლება ყვარელში ჩავიდა, იმ დღეს ოპოზიციურ ფლანგს ერთი აქტივობა ჰქონდა დაგეგმილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკი - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. მაგრამ, სტანდარტული ქართული პრაქტიკის შესაბამისად, აქცია დიდად არ გახმაურებულა და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერები მიიწვიეს.
ყვარელში „ენმ“ შედარებითი მყარად არის: ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტიის დამფუძნებელს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქ ქალაქი ძალიან მოსწონდა და დიდი წვლილიც მიუძღვის მის განვითარებაში. აქ მას ხშირად ჩამოჰყავდა უცხოელი გამოჩენილი ფიგურები ვენახების დასათვალიერებლად და, საბოლოოდ, თავადაც იყიდა სახლი. მის პარტიას ახლა შვიდი მანდატი აქვს ყვარლის 27-წევრიან საკრებულოში, სადაც „ქართული ოცნება“ ფლობს უმრავლესობას.
აქციის მონაწილეთაგან ბევრი არც ყოფილა ყვარლიდან - ისინი რეგიონის სხვა ნაწილებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს. დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ქალები, ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად იყვნენ გამოწყობილები.
ღონისძიება უფრო მედიისთვის იყო განკუთვნილი: ორგანიზატორებს გამზადებული ჰქონდათ ამწე, რათა სიმაღლიდან ხალხის დრამატული კადრები გამოჩენილიყო; ღონისძიების დაწყებისას, წამყვანმა ხალხს მოუწოდა: „იმხიარულეთ, ტაში დაუკარით, იყავით ენთუზიაზმით!“
გარემოც და დროც იდეალურად იყო შერჩეული: ილიას ტბის სანაპირო, - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი კახეთში, - მზის ჩასვლისას. ენმ-ის მხარდამჭერები აღნიშნავდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს რეგიონში ბევრი რამ გაუმჯობესდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის მხრივ, - მაგალითად, მოეწყო ველობილიკი და ფრენბურთის მოედანი.
მაგრამ შორი მდებარეობა ნიშნავდა იმასაც, რომ აქცია თითქმის უხილავი იყო, - თუ არ ჩავთვლით პარტიის მოწვეულ სტუმრებსა და მოგვიანებით სოციალური მედიის მომხმარებლებს. ოპოზიციის ადგილობრივმა მხარდამჭერმა, რომელთანაც იმავე დღეს ჩავწერეთ ინტერვიუ, გვითხრა, რომ არაფერი იცოდა ამ შეხვედრის შესახებ, - მიუხედავად იმისა, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი ბლოკია, რომლის მხარდაჭერასაც განიხილავს.
ამომრჩეველს მეტი სპეციფიკა სურს
შეხვედრაზე გამომსვლელთა დღის წესრიგში ღვინის ფასი ნამდვილად პრიორიტეტული იყო, თუმცა მათ საკითხი მაინც რუსეთი-დასავლეთის შეკითხვამდე მიჰყავდათ.
კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ენმ-ის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ყურძნის დაბალი ფასების მიზეზი არის ის, რომ საქართველო თავისი ღვინის დიდ ნაწილს რუსეთში ყიდის და არა ევროპასა და შეერთებულ შტატებში.
ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, საქართველო ევროკავშირისგან 14 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს, რომლის ნაწილიც სოფლის მეურნეობას შეხვდება.
ასეთი ტიპის გაცვეთილი დაპირებები ხშირად წარუმატებელიაო, გვითხრა ანალიტიკოსმა ნინო სამხარაძემ, რომელიც კვლევის განმავლობაში აკვირდებოდა ოპოზიციის კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ისინი ახსენებენ ხოლმე ღვინოს, მაგრამ არ საუბრობენ დეტალურად, ამა თუ იმ რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. ისინი ამბობენ, რომ „ჩვენი ღვინო ევროკავშირში უნდა გავიდეს ექსპორტზე და ამისთვის ჩვენ უნდა მივაღწიოთ გარკვეულ სტანდარტებს“. მაგრამ გლეხებისთვის ეს აბსტრაქტული პერსპექტივაა“, - ამბობს იგი. „მათ მეტი სპეციფიკა სჭირდებათ. თუ X რეგიონს სჭირდება გარკვეული სახის სახელმწიფო პროგრამა ამ კუთხით, Y რეგიონს შეიძლება დასჭირდეს სხვა ტიპის სახელმწიფო ჩარევა. ეს არის ის, რაც მათ აკლიათ“, - თქვა მან.
მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები ძნელად პროგნოზირებადია და „ქართული ოცნების“ მიმართ საერთო უკმაყოფილება შესაძლოა საკმარისი იყოს ოპოზიციის მიერ გამარჯვების მოსაპოვებლად.
მახვაშვილმა, - ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანიდან, - გვითხრა, რომ ჯერაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
მაგრამ იცის, რომ ეს არ იქნება „ქართული ოცნება“.
„ისინი ათ წელზე მეტია, ხელისუფლებაში არიან და იმაზე უარეს მდგომარეობამდე მივიდნენ, ვიდრე მანამდე იყო“, - თქვა მან.
მისი თქმით, ის მხარს უჭერდა „ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისას, მაგრამ, მეგობრებისა და თანამშრომლების მსგავსად, აზრი შეეცვალათ:
„ჩვენ 2012 წელს მივეცით ხმა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მას შემდეგ ხმა მათთვის არავის მიგვიცია“.
სტატიის მომზადებაში წვლილი შეიტანა ელენე კობახიძემ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურიდან.
თარგმანი: ელენე კობახიძე
ფორუმი