Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთი წელი ველოდი ამ სხდომას“ - მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დამნაშავედ ცნეს ქალზე ძალადობაში


გიორგი ყუშიტაშვილს მოსამართლემ 5150-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა
გიორგი ყუშიტაშვილს მოსამართლემ 5150-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალზე ძალადობაში ბრალდებული პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და ევროპის ჩემპიონი კრივში გიორგი ყუშიტაშვილი და მას ჯარიმის - 5150 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართა, 29 წლის მოკრივემ წარდგენილი ბრალი აღიარა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

გამოძიება გიორგი ყუშიტაშვილს ქალის ცემას ედავებოდა, ეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველით ნაწილით ჩადენილი დანაშაულია.

„ერთი წელი ველოდი ამ სხდომას. ვემზადებოდი სასამართლოში ჩვენების მისაცემად, მაგრამ რადგან ბრალდებულმა თავად აღიარა დანაშაული, ჩვენების მიცემა აღარ გახდა საჭირო“, - ეუბნება დაზარალებული ქალი რადიო თავისუფლებას. მას მოსამართლემ მხოლოდ ორი კითხვა დაუსვა: იყო თუ არა თანახმა, რომ ბრალდებულს ამნისტია შეხებოდა და რა სასჯელს განიხილავდა მისთვის.

„ჩემთვის სასჯელის სახეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს ადამიანი ჯარიმას გადაიხდიდა თუ ერთი წლით ჩაჯდებოდა ციხეში, მთავარი იყო, რომ სასამართლოს ის დამნაშავედ ეცნო ჩადენილი დანაშაულისთვის და ასეც მოხდა. დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“, - ამბობს ქალი.

დაზარალებულ ქალს ახლა მთავარი კითხვა საქართველოს კრივის ფედერაციასთან აქვს:

„საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრივის ფედერაცია. დაუშვებს, რომ ძალადობის მუხლით გასამართლებულმა ადამიანმა წარადგინოს საქართველო საერთაშორისო ტურნირებზე?

ამ ერთი წლის განმავლობაში, იმდენი ვიბრძოლე და იმდენი ომი გამოვიარე საკუთარ თავთან, რომ მე მისი აღარ მეშინია, მაგრამ სხვა ადამიანების გამო მეშინია... როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორი სისასტიკით მოკლეს კესარია აბრამიძე, არ მგონია სწორი, რომ ქალზე ძალადობაში დამნაშავედ ცნობილი კაცი წახალისებული იყოს სპორტის სამყაროს მხრიდან და მან ისევ ისე გააგრძელოს სპორტული კარიერა, როგორც აქამდე“.

გიორგი ყუშიტაშვილის ინტერესებს სასამართლოში კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა იცავდა. მას კომენტარი რადიო თავისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ სთხოვა.

ორივეჯერ მან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოკრივე თავს დამნაშავედ არ ცნობდა და მის უდანაშაულობას სასამართლო პროცესზე „აუცილებლად დაამტკიცებდნენ“.

3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე გიორგი ყუშიტაშვილმა და მისმა ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება, მათ შორის, დაზარალებულის სრული ჩვენება, ძალადობის ნიშნების შემცველი გზავნილები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, უდავოდ ცნეს.

„ჩათვალა, რომ ასე უმჯობესი იქნებოდა მისთვის. უდავოდ გახადა პროკურატურის ყველა მტკიცებულება და სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და შეუფარდა ჯარიმა“, - ეუბნება გიორგი ჭოჭუა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება: უმჯობესი იქნებოდა რისთვის? მისი კარიერისთვის? ანუ თავს არ ცნობს დამნაშავედ, უბრალოდ, სასამართლოსთვის თქვა, რომ დამნაშავეა?

გიორგი ჭოჭუა: არა, თავს დამნაშავედ ცნობს.

დაუწესებს თუ არა საქართველოს კრივის ფედერაცია ქალზე ძალადობაში დამნაშავე მოკრივეს სანქციებს, მაგალითად, შეუზღუდავს თუ არა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, ამ კითხვას გიორგი ჭოჭუა ასე პასუხობს:

„როდესაც სასამართლოსგან ჩაგვბარდება განაჩენი, ფედერაციის გამგეობა იმსჯელებს ამ საკითხზე. აქამდე მსგავსი პრაქტიკა არ გვქონია. მიმდინარე წელს თითქმის ყველა ტურნირი დასრულებულია. რაც შეეხება მომდევნო წელს, ეს საკითხავია, კვლავ ექნება თუ არა მას ნასამართლობის სტატუსი“.

რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ?

გიორგი ჭოჭუა: მას უფლება აქვს მიმართოს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა მოუხსნას ნასამართლობა, რაც სავსებით შესაძლებელია. რაც შეეხება მომდევნო წელს გამართულ ტურნირებს, ამაზე მომდევნო წელს ვიმსჯელებთ.

გიორგი ყუშიტაშვილის ადვოკატი, როგორც კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი, იქნება ერთ-ერთი, რომელმაც მისთვის სანქციების დაწესებისა თუ სანქციებისგან გათავისუფლების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

გამოძიების თანახმად, 29 წლის გიორგი ყუშიტაშვილი, კრივში საქართველოს ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონი, წარსულში რუსეთში ნასამართლევი, გასული წლის 23 ოქტომბერს, თბილისში, ხომლელის ქუჩის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა ქალს.

მაშინ, დაზარალებული ქალი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ მოკრივემ მას მანქანაში სცემა:

დაზიანებები დაზარალებული ქალის ხელებზე
დაზიანებები დაზარალებული ქალის ხელებზე

„გვიან ღამით მის სახლთან რომ მივედით, სახლში ასვლა შემომთავაზა, თუმცა, არ მინდოდა აყოლა და ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე. სანამ ტაქსის გამოვიძახებდი, წავკამათდით. ამ კამათის მიზეზმა გააღიზიანა, მეცა თმაში და თავი მარტყმევინა. ამ მომენტში, არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიდეოს ჩართვა მოვახერხე და ვიდეოსთან ერთად "ფლეშიც" ჩაირთო. ამაზე სულ გაგიჟდა, ტელეფონის წართმევა უნდოდა, მირტყამდა. ძალიან შემეშინდა და ჩემი ხელით ვაჩვენე ტელეფონი, რომ ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი და ცოტა დამშვიდდა, გადავიდა მანქანიდან“.

ქალმა 112-ში დარეკა. თუმცა, მისი თქმით, როდესაც გიორგი ყუშიტაშვილმა გაიგო, რომ ის 112-ის ოპერატორს ელაპარაკებოდა, მეორედ დაესხა თავს.

ელგუჯა ბერიშვილი, სპეციალისტი სპორტის საკითხებში და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როდესაც საქმე სპორტსმენის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება, გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, აუცილებელია, რომ ფედერაციამ სანქციების დაწესებაზე იმსჯელოს:

ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი
ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი

„რაკი ასეთი შედეგი დადგა, იმედია, შესაბამისი კომისია განიხილავს მის საკითხს და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადამიანმა უნდა იგრძნობს პასუხისმგებლობა და ეს უნდა შეეხოს მის პროფესიულ კარიერას. რა ვადით და რა პირობებით, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ერთი მხრივ, ეს არის როგორც კონკრეტული სპორტსმენის პასუხისმგებლობის, ისე ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ეს ადამიანი სხვადასხვა შეჯიბრზე უნდა წარადგინოს“,- თქვა ელგუჯა ბერიშვილმა.

გენერალურ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. პროკურატურა გიორგი ყუშიტაშვილისთვის სასჯელის სახედ პატიმრობას ითხოვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG