პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ მოკავშირეებმა ყველა ღონეს უნდა მიმართონ, რათა უკრაინა ნატოს წევრი გახდეს. აღნიშნული განცხადება პოლონელმა თავდაცვის მინისტრმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის გახსნის დროს გააკეთა. კოსინიაკ-კამიშმა ასევე გააფრთხილა ევროპელი მოკავშირეები, რომ „დამოუკიდებელი უკრაინის პოტენციურმა კრახმა შესაძლოა კატასტროფული შედეგი იქონიოს ევროპის უსაფრთხოებისათვის. ხოლო ასეთი განვითარება ევროპაში სამხედრო საშუალებებით თავიანთი მიზნების მიღწევისკენ წაახალისებდა არა მხოლოდ პუტინს, არამედ მსოფლიოს სხვა რეჟიმებსაც“.
უკრაინამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მიზანია გახდეს ნატოს წევრი. ნატოს ზოგიერთი მოკავშირე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, დაჟინებით მოითხოვს უკრაინის მიწვევას ალიანსის წევრობისთვის, თუმცა აღიარებენ, რომ ომის ვითარებაში იგი ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მომდევნო ათწლეულში შეძლებს.
Financial Times-ი, უცნობ დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2025 წლის იანვარში თანამდებობის დატოვებამდე, შესაძლოა დათანხმდეს ნატოში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის სტატუსის შეცვლას. ცნობას "ფაინენშელ ტაიმსზე" დაყრდნობით უკრაინული გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" ავრცელებს.
გასულ წელს ბაიდენი აცხადებდა, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის მზად არ არის.
ფორუმი