Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: უკრაინა ნატოს წევრობისთვის მზად არ არის


ფოტო არქივიდან. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატოს მადრიდის სამიტზე. 2022 წლის ივნისი
ფოტო არქივიდან. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატოს მადრიდის სამიტზე. 2022 წლის ივნისი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატოს შეუძლია უკრაინის მიღების საკითხი განიხილოს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ. ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის ჯერ მზად არ არის.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას იარაღით, რომელიც ქვეყანას სჭირდება რუსეთთან ომის დასასრულებლად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, ამერიკა განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს. ბაიდენის განცხადებით, ეს საკითხები დეტალურად განიხილა პრეზიდენტ ზელენსკისთან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა CNN-ს ინტერვიუ მისცა ევროპაში გამგზავრების წინ. ნატოს ლიდერთა სამიტამდე, რომელიც 11 ივლისს იწყება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ჯო ბაიდენი დღეს, 10 ივლისს, ლონდონში შეხვდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატოში მიიწვიოს. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ესმის, რომ ომის დასრულებამდე მისი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.

11-12 ივლისს, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტზე განიხილავენ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. სამიტზე მიწვეულია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

9 ივლისს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლჰა სტეფანიშინამ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ განუცხადა, რომ სამიტში პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და დამოკიდებულია შინაარსზე სამიტის იმ დოკუმენტების, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება.

XS
SM
MD
LG