უკრაინისთვის ნატოს კარი ღიაა, წევრობისთვის კი, საჭიროა რეფორმები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს პოზიცია 5 ივლისს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.
უკრაინა ითხოვს მყარ გარანტიას, რომ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს წევრი გახდება. შეკითხვას, რატომ არ არის აშშ-ის მხრიდან მკაფიო თანხმობა, ჟან-პიერმა უპასუხა, რომ აშშ ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია და მოკავშირეებთან და უკრაინასთან ერთად განაგრძობს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების კოლექტიური მხარდაჭერის საშუალებების განხილვას. თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოში ახალი წევრის მიღების საკითხს 31 მოკავშირე წყვეტს.
კარინ ჟან-პიერის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინამ უნდა ჩაატაროს რეფორმები, რათა შეესაბამებოდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს და მას ამის გაკეთება შეუძლია.
ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატოში მიიწვიოს. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ესმის, რომ ომის დასრულებამდე მისი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.
- ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში.
- სამიტზე, რომელზეც მიწვეულია პრეზიდენტი ზელენსკიც, განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს.
- ნატოს ლიდერთა წინასწარი განცხადებების თანახმად, ვილნიუსის სამიტზე არ იგეგმება ალიანსში უკრაინის ოფიციალურად მიწვევა.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". ომის დაწყებამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.