Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ბაიდენს მოუწოდა უკრაინა ნატოში მიიწვიოს


ფოტო არქივიდან. აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 2023 წლის 20 თებერვალი
ფოტო არქივიდან. აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 2023 წლის 20 თებერვალი

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატოში მიიწვიოს.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია ეთერში ოთხშაბათს გავა, ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები და მან უკრაინა ახლა უნდა მიიწვიოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მხარს უჭერს ნატოში უკრაინის მიღებას და მისგან მიწვევა იქნებოდა უდიდესი სტიმული უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. როგორც ზელენსკიმ თქვა, ესმის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში. სამიტზე, რომელზეც მიწვეულია პრეზიდენტი ზელენსკიც, განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს. ნატოს ლიდერთა წინასწარი განცხადებების თანახმად, ვილნიუსის სამიტზე არ იგეგმება ალიანსში უკრაინის ოფიციალურად მიწვევა.

ნატო გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსით იღებს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". ომის დაწყებამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

XS
SM
MD
LG