Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ნატოს სამიტზე არ წავა, თუ მის ლიდერებს "სიმამაცის ნაკლებობა" ექნებათ - მრჩეველი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე პირადად მხოლოდ იმ პირობით ჩავა, თუ უკრაინა დამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებს.

ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა იგორ ჟოვკვამ "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა მინიმალური პირობებია საჭირო ზელენსკის ნატოს სამიტზე ყოფნისთვის, ჟოვკვამ მოიხმო პრეზიდენტის პარლამენტში წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც უკრაინის ლიდერმა თანამედროვე მსოფლიოში გამბედაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"პრეზიდენტი არ წავა... სამიტზე, თუ ლიდერები მიდრეკილნი იქნებიან ან გამბედაობის დეფიციტის დემონსტრირებას მოახდენენ მაშინ როცა, უკრაინა ყველა გამბედაობით, ნებისყოფით და ძალითა და მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით ებრძვის რუსეთის აგრესიას", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტისთვის "აზრი არ აქვს და მას არ ექნება დრო ვილნიუსის სამიტზე წასასვლელად, თუ ის შედეგს არ მოიტანს".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ომის დასრულებამდე ნატოში ვერ გაწევრიანდება.


ამასთან, ზელენსკიმ ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს აზრს ვილნიუსში ნატოს სამიტში მონაწილეობის მიღებაში, თუ შედეგად უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალებს იმის შესახებ, როდის შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას.

უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ დასავლეთი ფრთხილობს გაწევრიანების ოფიციალური თარიღების დადგენას, რადგან ომი გრძელდება.

ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ უკრაინა დაექვემდებარება კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის წევრებს ავალდებულებს, დაიცვან ქვეყანა მასზე თავდასხმის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG