Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში სია 19-მა პარტიამ წარადგინა


საილუსტრაციო ფოტო: საარჩევნო ბიულეტენი
საილუსტრაციო ფოტო: საარჩევნო ბიულეტენი

დღეს, 26 სექტემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენა. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა თქვა, ჯამში 19-მა პარტიამ წარადგინა პარტიული სია, მათგან ერთის სია უკვე რეგისტრირებულია, დანარჩენების კი რეგისტრაციის პროცესშია.

ცესკო ჯერჯერობით არ აზუსტებს პარტიების ჩამონათვალს. როგორც მათ განმარტეს, სიები დამუშავებას საჭიროებს.

„სიების დამუშავების შემდეგ, არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა, იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი პარტიული სია გატარდა რეგისტრაციაში, შესაბამისად, ვის ექნება 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, - თქვა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

სიასთან ერთად ცესკოში წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატების ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები, რომლებიც მოგვიანებით ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდება.

პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ დეპუტატობის კანდიდატების სიები 26 სექტემბერს გამოაქვეყნა, თუმცა ნაწილმა პრეზენტაცია უფრო ადრე გამართა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG