Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ აქვეყნებს პარტიული სიის პირველ ოცეულს


ნანა მალაშხია (მარჯვნივ) და ელენე ხოშტარია
ნანა მალაშხია (მარჯვნივ) და ელენე ხოშტარია

პარტიული სიის პირველი ოცეული გამოაქვეყნა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. სიის პირველი ნომერია ნანა მალაშხია, 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული „ქალი ევროკავშირის დროშით“, ის საჯარო მოხელეა. მალაშხია თბილისის მერიაში, ერთ-ერთ საქალაქო სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

ოცეულში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. ნანა მალაშხია - თბილისის მერიის საქალაქო სამსახური, წამყვანი სპეციალისტი;

2. ნიკა მელია - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი წევრი;

3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი;

4. გიგა ლემონჯავა - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;

5. თენგიზ თევზაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;

6. ცოტნე კობერიძე - თბილისის საკრებულოს წვერი;

7. გიორგი კირთაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;

8. ივანე ჭყონია - ბიზნესმენი, „დისტრიბუტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ცოტა ხნის წინ შეუერთდა „კოალიციას ცვლილებისთვის".

9. ხათუნა სამნიძე - საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;

10. ოქტაი ქაზუმოვი - მწერალი და მთარგმნელი;

11. მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

12. ბორის (ჩელე) ყურუა - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი;

13. ანა გოგოლაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;

14. გიორგი ბუტიკაშვილი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, მკვლევარი;

15. გიორგი იმედაშვილი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი;

16. ელენე ხოშტარია - პარტია „დროას" დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი წევრი;

17. სოფია გოლეთიანი - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი;

18. მარიკა არევაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი;

19. ანი ქავთარაძე - პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ექიმი, ბიზნესმენი;

20. თორნიკე ბიკაშვილი - თბილისის საკრებულოს წევრი.

პარტიულ სიაში არ არის გაერთიანების ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კოალიციის ლიდერად დარჩება და ასევე უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას. პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება და არც მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ ხედავს საკუთარ თავს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, მხარს დაუჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებული „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული ე.წ. გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, რომელსაც არაპარტიული პირი უხელმძღვანელებს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი კანდიდატისგან შემდგარი სია წარადგინა „კოალიციამ ცვლილებისთვის“ ცესკოში.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG