Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: "ფედერალისტები" 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ


თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია
თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მისი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

გიგა ბოკერია მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევანი გააკეთონ ოპოზიციურ პროდასავლურ ძალაზე, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვები და ასევე, "რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება".

"ფედერალისტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესაძლებლობა ტექნიკურადაც არ გვქონდა, რაც თავისთავად სერიოზული დაბრკოლება იყო, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი და მთავარი მიზეზი.

ჩვენ გვქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი საარჩევნოდ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიისგან, რომ მათთან ერთად და მათი სახელით მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც ევროპულ საქართველოში მოხდა და იმ კამპანიის გათვალისწინებით, რაც ხმების გაფლანგვასთან დაკავშირებით გვესმის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და მედიის უმრავლესობისგან, სხვა სუბიექტის სახელით არჩევნებში ორი თვით ადრე ჩართვა მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა", - განმარტავს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, მათი გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მოქალაქეების მოტივირებასა და მობილიზებას აპირებს და ასევე მონაწილეობას მიიღებს არჩევნებზე ხმების დაცვის პროცესში.

"ამასთან ერთად, [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის ერთობლივი ანტიქართული, ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიის გაგრძელება, რუსეთის სამხედრო დანაშაულებისა და ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ.

აფხაზთა კრებასთან, თავისუფლების ინსტიტუტსა და ტაბულასთან ერთად ზეგ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს “ბუჩამდე იყო აფხაზეთის კამპანიის ფარგლებში გვექნება ფილმის ჩვენება და დისკუსია საფრანგეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი და ახალი ევროპის მინისტრები, ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი გახსნიან.

26 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულ წყვდიადში", - წერია გიგა ბოკერიას განცხადებაში.

"ევროპული საქართველოდან" წამოსულებმა ახალი ოპოზიციური პარტია "ფედერალისტები" აგვისტოში წარადგინეს.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს.

გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, განხეთქილება შიდაპარტიულ პრაიმერიზს მოჰყვა, რომელიც 28 ივლისს გაიმართა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG