ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდება განმარტა:
"რატომ ფედერალისტები? ახლახანს ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა. ერთდღიანი ფეისბუქ-მოთქმა ვნახეთ და ახასიათებს სათნოების სიგნალირება სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ყველას თავისი რეცეპტი აქვს, ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში - იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, გინდა ბავშვის, გინდა მოზარდის, გინდა მოხუცის, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სიცოცხლის უფლების, თავიანთი თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების რეალიზაცია, ამისთვის საჭიროა, ეს თავსმოხვეული, ცენტრალიზებული თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე. ამას ემსახურებოდა ჩვენი პრაიმერისი, რამაც ძველ ტიკებში ახალი ღვინის ჩასხმის ეფექტი გამოიწვია. [...]
ფედერალიზმი არაა მხოლოდ სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს განსაკუთრებული ფასი ედება და ესაა ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი", - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე სექტემბერში გააკეთებენ განცხადებას: "ვიცით, დისკომფორტიც არის თქვენთვის ჩვენ მიერ არჩევნების გამოტოვება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საჭირო არ გახდეს".
ჩერგოლეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია "ფედერალისტების" დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გაიმართება.
2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვეს.
გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, განხეთქილება შიდაპარტიულ პრაიმერიზს მოჰყვა, რომელიც 28 ივლისს გაიმართა.
„ევროპულ საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ მანკიერი პრაქტიკა შეეცვალა და ალტერნატივა შეეთავაზებინა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერთა ნაწილმა ამ გზას გადაუხვია და სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები იყოფა. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, როგორც პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე ამ მდგომარეობაში მყოფი პარტიის წარდგენაზე“, - თქვა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე, რომელიც პარტიის ოფისის შენობაში არ გაუმართავს.
ფორუმი