Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს - რა მოხდა პარტიაში?


"ევროპული საქართველოს" უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ, 2024 წლის 1 აგვისტო
"ევროპული საქართველოს" უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ, 2024 წლის 1 აგვისტო

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე განხეთქილებაა ოპოზიციურ პარტია "ევროპულ საქართველოში". ჯერჯერობით უცნობია, რა გზას აირჩევენ როგორც წამოსული, ისე პარტიაში დარჩენილები წევრები.

გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა დატოვეს პარტია „ევროპული საქართველო“.

ეს მათ პირველ აგვისტოს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადეს.

„ევროპულ საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ მანკიერი პრაქტიკა შეეცვალა და ალტერნატივა შეეთავაზებინა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერთა ნაწილმა ამ გზას გადაუხვია და სწორედ ამიტომ, ჩვენი გზები იყოფა. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, როგორც პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე ამ მდგომარეობაში მყოფი პარტიის წარდგენაზე“, - თქვა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე, რომელიც პარტიის ოფისის შენობაში არ გაუმართავს.

ის „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე იყო და, შესაბამისად, ამ თანამდებობასაც ტოვებს.

ბოკერია ამბობს, რომ აღარ აპირებს, ხელახლა იყაროს კენჭი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 11 აგვისტოსთვისაა დანიშნული.

„ევროპული საქართველოდან“ წამოსული ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევნები რიგგარეშედ ტარდებოდა და ეს პარტიის პოლიტსაბჭოს ლიდერის, გიგი წერეთლის ინიციატივა იყო.

მათი თქმით, წერეთელი თავად აპირებდა, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ კენჭი ეყარა ახალი თავმჯდომარის არჩევნებში.

რადიო თავისუფლებამ გიგი წერეთელთან დაკავშირება უშედეგოდ სცადა, თუმცა პოლიტიკოსმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „პარტია გზას მონახავს“:

„დავფიქრდებით და ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ გაგრძელდება ეს გზა - ვიქნებით ცალკე თუ ვიქნებით კოალიციაში და კონფიგურაციაში, რომელიმეში, რომელიც დღეს არსებობს“.

რამ გამოიწვია დაპირისპირება?

გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის თანახმად, განხეთქილება შიდაპარტიულ პრაიმერიზს მოჰყვა, რომელიც 28 ივლისს გაიმართა.

პრაიმერიზში ორი სია უპირისპირდებოდა ერთმანეთს. აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთელი მხარს უჭერდნენ პირველ სიას, რომელსაც სათავეში გიგა ბოკერია ედგა, მეორე ნომერი წერეთელი იყო, ჩერგოლეიშვილი მესამე და ბობოხიძე - მეოთხე.

მეორე სიის სათავეში თამარ ჩერგოლეიშვილი იყო, მეორე ნომრად კი გიგა ბოკერია ეწერა. მასში საერთოდ არ ყოფილან ბობოხიძე და წერეთელი. ამ სიას დაუჭირა მხარი გიგა ბოკერიამაც.

28 ივლისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, რომელშიც პარტიის 1900-მდე დელეგატმა მისცა ხმა, 55%-ით გაიმარჯვა პირველმა სიამ, ხოლო მეორე სიამ, შესაბამისად, დელეგატების 45%-ის ხმა მიიღო.

პარტიის წესდების თანახმად, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სია ამ ორი სიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად უნდა ჩამოყალიბებულიყო. საბოლოო ექვსეული კი ასე გამოიყურებოდა:

  1. გიგა ბოკერია
  2. თამარ ჩერგოლეიშვილი
  3. გიგი წერეთელი
  4. აკაკი ბობოხიძე
  5. ვახო კალოიანი
  6. გიორგი ნონიაშვილი

ამ ექვსეულიდან, დღეს ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილს შეუერთდნენ ვახო კალოიანი და გიორგი ნონიაშვილიც და პარტია მათთან ერთად დატოვეს.

ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ამბობენ, რომ გიგი წერეთელი უკმაყოფილო დარჩა საბოლოო სიაში თავისი პოზიციით - მას გიგა ბოკერიაზე წინ ყოფნა უნდოდაო.

პარტიიდან წამოსულების თანახმად, კონფლიქტის მიზეზი იყო ისიც, რომ ბობოხიძისა და წერეთლის ფრაქციამ პრაიმერიზში ხმების 65% ვერ დააგროვა, რაც მათ პარტიის პოლიტსაბჭოზე მისცემდა კონტროლს.

რადიო თავისუფლების კითხვას, როგორ მოხდა, რომ პრაიმერიზში გამარჯვებული ფლანგი შედეგებით უკმაყოფილო დარჩა, გიგა ბოკერიამ ასე უპასუხა:

„კი, მაგრამ პროპორციული წესის გამო, გიგი წერეთელი აღმოჩნდა მესამე ადგილზე, იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ სიაში და მათი კამპანია იმაში მდგომარეობდა, რომ მე არ მქონდა თურმე უფლება, რომ მეორე სიისთვის დამეჭირა მხარი.

ლოგიკურია თქვენი კითხვა ნამდვილად, მაგრამ ამ კითხვებით მათ უნდა მიმართოთ“.

თამარ ჩერგოლეიშვილმა კი დასძინა, რომ გამარჯვების მიუხედავად, მეორე ფრაქცია „პოლიტსაბჭოს კარგავდა“.

„ევროპული საქართველოდან“ წამოსულმა პოლიტიკოსებმა დარჩენილებს იმაშიც დასდეს ბრალი, რომ ამ უკანასკნელი ჯგუფის წარმომადგენლებმა პარტიის დელეგატებად დაარეგისტრირეს სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერები, როცა წესდება ამას კრძალავდა.

„ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პრაიმერიზის წესმა. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მხოლოდ ჩვენი პარტიის აქტიურ მხარდამჭერებს, ვისაც არ ერიდებათ საჯაროდ თქვან, რომ "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერები არიან.

სამწუხაროდ, პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და მისმა მხარდამჭერებმა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, როგორც ჩანს, კონკურენციაში მათი ინტერესებიდან გამომდინარე და პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ამას მხარი დაუჭირა“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც მისმა გუნდმა დელეგატების ვინაობის გადამოწმება დაიწყო:

„900 დელეგატი რომ გადავუმოწმეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ 56 იყო "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი. დანარჩენები იყვნენ "ნაცები", "ქოცები", "ახლები" და ა.შ.“.

რადიო თავისუფლების ზარებს არც აკაკი ბობოხიძემ უპასუხა, თუმცა ამ საკითხს „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა გიგი წერეთელიც:

„პრაიმერიზში თავიდან დარეგისტრირდა 2500-მდე ადამიანი ჩვენს სიაში, მეორე სიაში - დაახლოებით ამის ნახევარი. მე ვფიქრობ, რომ ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება [...] ადამიანების კონკრეტულ ჯგუფზე ვერ შევთანხმდით. ამას მოჰყვა უკმაყოფილება, გარკვეული მუქარის შემცველი განცხადება, რომ იქნება ყრილობა და იქნება ცვლილებები. შემდეგ, როცა ვთქვით, რომ იყოს ყრილობა და ცვლილებები, ამას მოჰყვა შემდეგ გიგა ბოკერიას განცხადება“, - თქვა მან.

„ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში“

კითხვაზე, თუ რატომ დატოვეს პარტია სწორედ მათ და არა მეორე ჯგუფმა, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ამბობენ, რომ ყოფილ თანაპარტიელებთან თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებელი ჩანდა, შიდაპარტიული დაპირისპირება კი ძალზედ დამაზიანებელი იქნებოდა.

ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება“, - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე.

„რომც მოვიგოთ ეს შიდა ბრძოლა, პარტია იქნება ისეთი დასახიჩრებული, რომ ამ პარტიაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ 5%-ს [ბარიერს] გადალახავს და იმ ბრძოლაში შევა, უბრალოდ უსინდისობაა და ჩვენი ამომრჩევლის მოტყუება“, - განაცხადა უკვე პრესკონფერენციისას.

ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა ჯერჯერობით თავი შეიკავეს სამომავლო გეგმებზე საუბრისგან - მათ არ უთქვამთ, დააარსებენ თუ არა ახალ პარტიას და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

გიგა ბოკერიას თქმით, ამ საკითხებზე მის გუნდს გადაწყვეტილება არ მიუღია, თამარ ჩერგოლეიშვილმა კი მხოლოდ ის უთხრა ჟურნალისტებს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ წყვეტს:

„პოლიტიკურ მოღვაწეობას, რასაკვირველია, ვაგრძელებთ. ამ ბრძოლაში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა ხელი შემიშალონ.

ეს გადაწყვეტილება არის გამოწვეული ჩვენი პასუხისმგებლობით ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თორემ კი ბატონო, დავეტაკებოდით გიგი წერეთელს და მოვუგებდით კიდეც, შეიძლება“, - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში დაარსდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერების ნაწილი გამოეყო - მათ შორის იყვნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე.

მაშინ „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა 27-დან 21 დეპუტატი, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა პარლამენტში, აკაკი ბობოხიძისა და გიგი წერეთლის ჩათვლით.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც 2017 და 2018 წლების არჩევნებთან შედარებით პარტიის შედეგი მნიშვნელოვნად შემცირდა, „ევროპულ საქართველოში“ დიდი განხეთქილება მოჰყვა და სხვებთან ერთად, პარტია დატოვეს გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ.

გიგა ბოკერია წარსულში ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი იყო, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. 2010-2013 წლებში ის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოკერია თანამოაზრეებთან ერთად დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს, დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ხმამაღალ კრიტიკოსად იქცა.

გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც იქამდე ჟურნალისტი და აქტივისტი იყო, 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდიოდა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG