Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მატარებელმა დიდ ხანია ჩაიარა“ - ზატულინი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე


ფოტო არქივიდან: კონსტანტინ ზატულინი, რუსეთის დუმის დეპუტატი
ფოტო არქივიდან: კონსტანტინ ზატულინი, რუსეთის დუმის დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი „დამოუკიდებლობას არ გაწირავენ საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“.

რუსი დეპუტატი ამბობს, რომ თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დალაგებაზე ალაპარაკდა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.
„არჩევნების წინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა განეცხადებინა თავის ახალ მიდგომაზე, კერძოდ, მობოდიშებაზე ოსების მიმართ, 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო. ეს ყველაფერი გაკეთებულია არა მხოლოდ საერთაშორისო მოსაზრებებით, არამედ ძირითადად შიდაპოლიტიკური მიზნებით. ასე ცდილობენ ამომრჩევლის ყურადღება მიაპყრონ იმაზე, თუ რა ჩიხში შეიყვანა ქვეყანა სააკაშვილმა ამ აგრესიით“, - უთხრა დეპუტატმა „Газете.Ruს-ს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბრისას, ზატულინმა თქვა, რომ „ამ მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა“.

„საქართველოსთვის აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის არავითარი დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირად არ იქონიებს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებაზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, რის იმედიც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. ჩვენ სრულიად სხვა მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. არ არის და არც შეიძლება არსებობდეს ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლის რაიმე გეგმა გარკვეული მოჩვენებითი სარგებლისთვის“, - თქვა ზატულინმა.

პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს გორში მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

ამ განცხადებას თბილისში, გორსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG