Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაჰინის თქმით, კობახიძემ კრიტიკული NGO-ების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა - პრემიერი უარყოფს


დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. 10 აგვისტო, 2024 წელი
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. 10 აგვისტო, 2024 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სენატორი შაჰინი ტყუის, როცა ამბობს, თითქოს შეხვედრისას სთხოვა, აშშ-ს შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.

„სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში მედიასთან საუბარში.

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა, თქვა, რომ რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ერთად გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, აშშ-ს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა იმ ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

„ისინი ირწმუნებიან, რომ ეს გამჭვირვალობისთვისაა, მათ სურთ თვალი მიადევნონ თუ რა ხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე, საერთოდ ნებისმიერ განსხვავებულ აზრთან დაპირისპირებაზე.

ერთი რამ, რაც გვითხრა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ჩვენ მას შევხვდით - ჩვენ ვსაუბრობდით აშშ-სთან ურთიერთობებზე და ჩვენს შეშფოთებაზე ურთიერთობების გაუარესებასთან დაკავშირებით და იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას - მისი ერთი თხოვნა იყო, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შეიძლება კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

კონგრესმენი ტერნერი ძალიან მკაფიო იყო, მან თქვა - „ესაა დემოკრატიის არსი“, ის განსხვავებული აზრის ჩახშობას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იქნება თქვენი საქმიანობის კრიტიკა, ეს დემოკრატიის არსის ნაწილია“, - თქვა შაჰინმა ინტერვიუში.

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში იმყოფებოდნენ 9-11 აგვისტოს. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ხოლო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი მიიღეს.

ეს იყო აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა.

სენატორი ჯინ შაჰინი ცნობილია მკაფიოდ უარყოფითი შეფასებებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ. მისი ავტორობით მომზადებული ორპარტიული კანონპროექტი - „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს - დემოკრატიული პროცესებისთვის პრობლემების შემქმნელი თანამდებობის პირებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯინ შაჰინს წინა ხელისუფლების მეგობარს უწოდებს და მის შენიშვნებს მიკერძოებულად თვლის. თუმცა სენატორი კრიტიკული იყო წინა ხელისუფლების მიმართაც და მხარს უჭერდა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას 2012 წელს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG