Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აზერბაიჯანი არ არის, აქ ავტორიტარიზმი ვერ დამყარდება - ინტერვიუ რეგიონში ცვლილებებზე


რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში - ინტერვიუ შტეფან მაისტერთან
რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში - ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

სომხეთი რუსეთისგან დაშორების რთულ პროცესს არის შეჭიდებული, საქართველო დასავლეთს შორდება და ჩინეთთან, ირანსა და რუსეთთან ურთიერთობებზე ფიქრობს, აზერბაიჯანი ძლიერდება, რუსეთსა და თურქეთს შორის თამაშობს და ავტორიტარიზმსაც აძლიერებს, - ეუბნება რეგიონის ექსპერტი შტეფან მაისტერი რადიო თავისუფლებას.

რუსეთი „რეგიონული ჰეგემონი“ აღარ არის; რეგიონის გარშემო მდებარე ქვეყნების დასუსტება და ბიძინა ივანიშვილის მძევლად მყოფი საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირება ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ ჩინეთმა რეგიონში ფეხი მოიკიდოს; გეოპოლიტიკური რყევების გამო სტაბილურობა, თუნდაც მყიფე სტაბილურობა, გამქრალია, - ამბობს იგი.

როგორია ეს გეოპოლიტიკური გადაადგილებები, რა განაპირობებს მათ და ვის რა ინტერესები აქვს? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით შტეფან მაისტერს, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორს. 2019-21 წლებში იგი თბილისში მუშაობდა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდს ხელმძღვანელობდა. მასთან საუბარს შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოთი ვიწყებთ:

რადიო თავისუფლება: სამხრეთ კავკასიის ახლანდელ პოლიტიკას ალბათ რამდენიმე დიდი მოვლენა აყალიბებს - რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ყარაბაღის აღება აზერბაიჯანის მიერ და ისრაელ-ჰამასის ომი. რა გავლენა აქვს ამ მოვლენებს რეგიონის ქვეყნებზე?

შტეფან მაისტერი: სამხრეთი კავკასია საკვანძო რეგიონია. გზაჯვარედინი, ერთი მხრივ, ევროპასა და აზიას და, მეორე მხრივ, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ყველაფერი, რაც ამ ქვეყნების თავს ხდება, როგორღაც სამხრეთ კავკასიის გარშემო ტრიალდება.

თუ გადავხედავთ 2022 წლიდან რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, დავინახავთ, რომ რუსეთის ყურადღება გაფანტულია. იგი დასუსტებულია და კარგავს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ჰეგემონის როლს. და ვაკვირდებით, როგორ ვითარდება რეგიონული უსაფრთხოების ახალი წესრიგი. ვინ არიან ძირითადი მოთამაშეები, რომლებიც ამ რეგიონულ წესრიგებს აყალიბებენ?

რა თქმა უნდა, რუსეთი - იგი კვლავ აყალიბებს ამ წესრიგს, მაგრამ ასევე ვხედავთ, ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანი და თურქეთი როგორ ცვლიან თამაშს სამხრეთ კავკასიაში და აქვთ სურვილი, მთავარი აქტორები იყვნენ რეგიონული წესრიგის ჩამოყალიბებაში.

რეგიონში არის კიდევ ერთი მოთამაშე, ირანი, რომელიც ღაზა-ისრაელის კონფლიქტშია ჩართული და მისი ყურადღებაც გაფანტულია იქაური მოვლენებით. და მისთვისაც იცვლება მთელი თამაში. სამხრეთი კავკასია მისთვის მნიშვნელოვანია. რუსეთის დასუსტებას გავლენა აქვს რეგიონში ძალთა ბალანსზე, რაც ირანის ინტერესებში არ შედის, რადგან თურქეთი მისი კონკურენტია. აზერბაიჯანის ახლო თანამშრომლობა ისრაელთან ასევე აშფოთებს ირანს.

ერთი სიტყვით, ყველა მოთამაშისათვის რაღაც იცვლება, - ზოგი სუსტდება, ზოგი ძლიერდება, - და ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ადრე არსებული სტაბილურობა, - ყარაბაღის მეორე ომამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე არსებული, - გამქრალია.

საქართველო კი ამ ყველაფრის შუაში ექცევა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით. მასზეც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ ამ მოვლენებს.

რადიო თავისუფლება: ბევრი ექსპერტი მიუთითებს, რომ პროდასავლურმა საქართველომ საგარეო პოლიტიკა შეცვალა. პასუხად ევროკავშირმაც - ამ დროისთვის - შეაჩერა ინტეგრაცია. ანტიდასავლური რიტორიკა და შეთქმულების თეორიები, რუსული სტილის „აგენტების კანონი“ - თქვენი აზრით, რა ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“? რა არის მათი თამაშის საბოლოო მიზანი?

არა მგონია, „ქართული ოცნება“ იყოს ის, ვინც რაიმეს ამოძრავებს. „საჭესთან“ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც პარტიას სრულად ფლობს. ის იღებს გადაწყვეტილებებს პირადი უსაფრთხოებისათვის. საკუთარი კეთილდღეობისთვის, - შესაძლოა, ფულის დაკარგვის გამო შვეიცარიულ ბანკში. ერთი სიტყვით, მიზანი მისი პირადი უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

მას ეშინია, რომ როცა მისი პარტია ძალაუფლებას დაკარგავს, ვიღაცამ შეიძლება მის თავისუფლებაზეც გაიწიოს. ის შეთქმულების თეორიები დასავლეთზე, აშშ-ზე, - რომ თითქოს მისი „გადატრიალება“, „რეჟიმის ცვლილება“ სურთ, - ნამდვილად სასაცილოა. უბრალოდ, არ არის სიმართლე.

მისი ქმედებები არ გამომდინარეობს საკუთარი ქვეყნის ან თუნდაც პარტიის ინტერესებიდან. და ეს არის პრობლემა. ქვეყანა ერთი კაცის მძევლადაა ქცეული. ეს კაცი ყველაფერს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

თამაშის საბოლოო მიზანი ავტორიტარული სახელმწიფოა. სახელმწიფო, სადაც ვერავის უნდა შეეძლოს „ქართული ოცნების“ დამარცხება ვერანაირ არჩევნებში; სადაც მედიისგან, ოპოზიციისგან, დამოუკიდებელი ადამიანებისგან რეჟიმის კრიტიკა არ ისმის. მიზანი ესაა: სამუდამო ძალაუფლება.

რასაც თქვენ აღწერთ, ჰგავს, რა თქმა უნდა, რუსეთს და, ზოგადად, ავტორიტარულ სახელმწიფოებს, და, ასევე, აზერბაიჯანს. სულ ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ძალიან „მოულოდნელი“ შედეგებით: ილჰამ ალიევის პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, ყველა დანარჩენები ე.წ. დამოუკიდებლები არიან, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მომხრეები არიან. ალიევმა, რომელიც 2004 წლიდან მართავს ქვეყანას, ამ იანვარში პრეზიდენტობის მეხუთე ვადა დაიწყო. არსებობს არგუმენტი, რომ ის, აზერბაიჯანის ავტორიტარიზმი „რესურსების წყევლის“ შედეგია, - „ნავთობის წყევლაზეა“ დაშენებული. რამდენად მდგრადი შეიძლება საქართველოს ავტორიტარიზმი იყოს? რაზე დააშენებს ამ ავტორიტარულ რეჟიმს „ქართული ოცნება“/ბიძინა ივანიშვილი?

შტეფან მაისტერი: არა მგონია, ამან იმუშაოს. კი, ეს არის მიზანი, მაგრამ არა მგონია, საქართველოში ავტორიტარიზმი დამყარდეს. საქართველო აზერბაიჯანი არ არის. ეს არის ძალიან განსხვავებულად მოქმედი საზოგადოება. არა მგონია, ეს საზოგადოება შეეგუოს იმ ძალადობას, რასაც ბიძინა ივანიშვილი „ჰპირდებათ“.

ასევე, არა მგონია, რომ საქართველოს ჰქონდეს სოციალურ-ეკონომიკური რესურსები, რაც ამის საშუალებას მისცემდა. თუკი, რა თქმა უნდა, რუსეთი არ გადაიხდის ამის საფასურს. ისევე, როგორც, მაგალითად, ბელარუსში, - ეს არის რუსეთზე დამოკიდებული ქვეყანა და ლუკაშენკას გადარჩენის საფასურს რუსეთი იხდის.

მაგრამ ახლა რუსეთსაც სულ უფრო ნაკლები რესურსი აქვს და არა მგონია, რომ ქართველმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არსებითად შეიცვალა, - განსაკუთრებით ახალმა თაობამ, როგორც ქუჩებში ვხედავთ, - ეს დაუშვას.

ეს ივანიშვილის სურვილია. ივანიშვილისა, რომელიც 1990-იან წლებში სოციალიზებული იყო რუსეთში და იქედან მოდის მისი პოლიტიკური კულტურა. იგი ფიქრობს, რომ ავტორიტარული სახელმწიფოს შექმნა შეუძლია. ემუქრება ოპოზიციას, ემუქრება ყველას. მაგრამ არა მგონია, გამოვიდეს. ეს არ იქნება მდგრადი და მიმზიდველი კონცეფცია ქართული საზოგადოებისთვის.

რადიო თავისუფლება: ავტორიტარიზმი ის მახასიათებელია, რაც რეგიონის ქვეყნების, - ასევე, 3+3 ფორმატის ქვეყნების, - უმრავლესობას ახასიათებს. 3+3 არის ჯგუფი რეგიონის ქვეყნებისა, რომელთაც „უცხოური ჩარევა“, - განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროკავშირის დაახლოება, - არ სურთ. საქართველოც აქეთკენ მიდის?

შტეფან მაისტერი: ამჟამად ეს იდეა თუ ფორმატი არ მუშაობს, რადგან საქართველო კვლავ არ მიერთებულა, - მხოლოდ ხუთნი არიან, და ამჟამად სომხეთსაც არ სურს.

მთელი იდეა, მართლაც, ის არის, რაზეც თურქეთი, რუსეთი და ირანი თანხმდებიან - დატოვონ რეგიონს მიღმა შეერთბული შტატები, ნატო და ევროპა.

საქართველოს ახლანდელი მთავრობა არ არის პროევროპული, არ არის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული და სულ უფრო მეტად ურთიერთობს ირანთან, რუსეთთან, - თურქეთთან ხომ არის და არის.

რადიო თავისუფლების ინტერვიუ შტეფან მაისტერთან
რადიო თავისუფლების ინტერვიუ შტეფან მაისტერთან

ასე რომ, ვფიქრობ, დიახ, არსებობს ამის შანსი. არის შესაძლებლობა, რომ საქართველომ რაღაც ეტაპზე მხარი დაუჭიროს 3+3 ფორმატს. ამ ფორმატისთვის მთავარი დაბრკოლება ამჟამად სომხეთია. სომხეთს არ სურს იყოს ისეთ ფორმატში, სადაც სხვა გარე მოთამაშე არ იქნება, რადგან ის ამჟამად ძალიან სუსტია. ასე რომ, საკითხავი ისაა, მიიღებს თუ არა სომხეთი მონაწილეობას.

იმის საფრთხეს ვხედავ, რომ არჩევნების შემდეგ, - თუკი დავუშვებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ეს არჩევნები, - საქართველომ პოზიცია შეიცვალოს და ფორმატს შეუერთდეს. რადგან, საბოლოო ჯამში, ამ ხელისუფლებას, ამ პარტიას ნამდვილად არ სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. პირიქით, მათ ევროპისგან დაშორება სურთ, სურთ, ითანამშრომლონ რეგიონულ აქტორებთან და რაიმე სარგებელი მიიღო ამით.

რადიო თავისუფლება: მაშ გადავიდეთ „დემოკრატიის კუნძულზე“ რეგიონში, სომხეთზე. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხებისა და შემდგომი მოვლენების შემდეგ, ცდილობს, არმია, უსაფრთხოების არქიტექტურა აღადგინოს. ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას, დასავლეთთან დათბობას და ასევე ინდოეთთან სამხედრო თანამშრომლობას. რამდენად კარგად მუშაობს ეს ტაქტიკა სომხეთისათვის?

შტეფან მაისტერი: სომხეთი ახლა ძალიან, ძალიან სენსიტიურ, რთულ ვითარებაშია, რადგან მას უსაფრთხოების გარანტიებს არავინ აძლევს. მან დაკარგა რუსეთი, როგორც, გარკვეულწილად, სომხური სახელმწიფოს არსებობის მთავარი გარანტი; ემუქრება საფრთხე აზერბაიჯანის მხრიდან, - საფრთხე ემუქრება მის საზღვრებსა და სუვერენიტეტს, მთლიან სახელმწიფოს.

რასაც ფაშინიანი ცდილობს, არის ურთიერთობების დივერსიფიკაცია და რუსეთისგან თანდათანობით განცალკევება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სომხეთი იმდენად არის დამოკიდებული რუსეთზე, - შრომითი მიგრაციის, გაზის მიწოდების, ვაჭრობის, ელექტროენერგიის, ტელეკომუნიკაციების და სხვა მრავალი სექტორის მხრივ, რომ ამას დრო დასჭირდება. და ძვირი დაჯდება.

თუმცა ნელ-ნელა ამ მიმართულებით მიიწევს. მე ასევე ვხედავ სომხური საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთის გავლენის სფეროდან გავიდნენ. რუსეთის რეიტინგი სომხურ საზოგადოებაში ამჟამად იმდენად დაეცა, რომ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობის შესაძლებლობაც არ არის დარჩენილი.

მეორე მხრივ, კი ბატონო, არსებობს სამხედრო საკითხებში თანამშრომლობა ინდოეთსა და საფრანგეთთან, ასევე, ურთიერთობების გაღრმავება ევროპასთან, უვიზო მიმოსვლაზე საუბრები, - მაგრამ საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუ რამდენად შორს შეუძლია სომხეთს გადაადგილება ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, უსაფრთხოების გარემოში.

რადიო თავისუფლება: თუ ასეა, მაშ, რამდენად ჭკვიანურია სომხეთის მთავრობის ეს გზა? რუსეთისგან დისტანცირება და დასავლეთზე ფსონი, როცა ამ ინტეგრაციას ამ გადმოსახედიდან ლიმიტები აქვს?

შტეფან მაისტერი: დავიწყოთ იქიდან, რომ [დასავლეთისკენ სვლა] არ არის სომხეთის ერთადერთი პოლიტიკა. ურთიერთობები ღრმავდება ინდოეთთან, ეს ასევე ეხება ირანს. ეს დივერსიფიკაციის პოლიტიკაა სხვადასხვა მიმართულებით.

და ცალსახაა, რომ რუსეთი სომხეთის მომავალი არ არის. ვფიქრობ, სომხურ საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთი არ არის ევროპის ალტერნატივა. რუსეთი არ ზრუნავს სომხეთზე. რუსეთი არ იძლევა სომხეთისთვის განვითარების მოდელს, - არც ქვეყნისთვის, არც საზოგადოებისთვის.

ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი პოლიტიკის გატარებაა. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ დეტალებზე, თუ როგორ აკეთებს ის ამას, რამდენად აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაცია. კი, არის პრობლემები. მაგრამ სომხეთს სჭირდება რუსეთიდან გამოყოფისა და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის, ევროპასთან უფრო ძლიერი ინტეგრაციის ნელი პროცესი. ასეა სომხეთისთვის შესაძლებელი კეთილდღეობა.

ერთი სიტყვით, ეს სწორი პოლიტიკაა, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი მოლოდინი უსაფრთხოების გარანტიებთან და ევროპასთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ეს ძალიან რთული და მგრძნობიარე გზაა, მაგრამ მის ალტერნატივას ვერ ვხედავ.

რადიო თავისუფლება: მაშინ, როდესაც სომხეთი შორდება და ან ცდილობს, დისტანცირდეს რუსეთისგან, აზერბაიჯანი, თითქოს, პირიქით, უფრო უახლოვდება მას. ეს ალბათ კარგად გამოაჩინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბოლო ვიზიტმა ბაქოში. რას აჩვენებს ეს ვიზიტი? რა ხდება მათ შორის?

შტეფან მაისტერი: კიდევ ერთხელ: რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აჩვენა, რომ რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში შეიცვალა. რუსეთს სჭირდება ალტერნატიული სატრანზიტო გზები. სჭირდება პარტნიორები სანქციების გვერდის ავლაში და მას სჭირდება წვდომა ამ ომში თავის ძალიან ახლო მოკავშირესთან, ირანთან.

აზერბაიჯანი, - სხვათა შორის, საქართველოსთან ერთად, - რუსეთისთვის საკვანძო ქვეყანა გახდა სანქციებისგან თავის არიდების საქმეში. რუსეთს აზერბაიჯანი სჭირდება ახლო აღმოსავლეთზე, ირანზე წვდომისათვის. ეს აზერბაიჯანის მხრიდან „ვაჭრობის“, გარიგებების პოზიციებს აუმჯობესებს.

ერთი მხრივ, ვხედავთ რუსეთის გადახრას აზერბაიჯანისკენ. მეორე მხრივ, აზერბაიჯანი, ილჰამ ალიევი ფიქრობს, რომ მას ბოლოს და ბოლოს შეუძლია, საბოლოოდ ჩაახშოს ყველა სახის ოპოზიცია, ყველა დამოუკიდებელი მედია დახუროს, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი ციხეში ჩასვას. თუმცა იგი არ იღებს აპლოდისმენტებს აშშ-ისა და ევროპისგან, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდა, როცა მეტ გაზს მივყიდი [ევროპას, ჩემს ავტორიტარიზმს] შეეგუებიანო.

მოკლედ, იგი მიიწევს რუსეთისკენ, რომელიც მხარს უჭერს ამ გზაზე. მაგრამ ისეთი პოლიტიკის გატარებასაც ცდილობს, რომ დაბალანსებული გამოჩნდეს და ყველა მოთამაშისგან მიიღოს სარგებელი.

აზერბაიჯანი უფრო მეტ გაზს მიჰყიდის ევროპას, - შესაძლოა, რუსული გაზიც კი მიჰყიდოს. სავარაუდოდ, ამ თემაზე სასაუბროდ გაიმართა მცირე ხნის წინ სოკარისა და გაზპრომის ხელმძღვანელების შეხვედრაც.

აზერბაიჯანს სურს ეკონომიკური სარგებელი მიიღონ თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, - ერთი მხრივ, ევროპაში გაზის გაყიდვით და, მეორე მხრივ, რუსეთთან საქმის კეთებით.

რადიო თავისუფლება: აზერბაიჯანის საუკეთესო მეგობარი ყოველთვის იყო თურქეთი. ბოლო დროს, განსაკუთრებით ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, როგორც ჩანს, მცირე უთანხმოება თუ არა, განსხვავებები მაინც გამოჩნდა. თურქეთი აშკარად ისრაელის წინააღმდეგია, აზერბაიჯანი თითქოს პირიქით, - რადგან წლების განმავლობაში ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობამ დიდი როლი ითამაშა ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის სასარგებლოდ. მოვისმინეთ პრეზიდენტ ერდოანის კომენტარიც, როდესაც ყარაბაღში გამარჯვებაში თურქეთის როლს გაუსვა ხაზი, რამაც აზერბაიჯანელი პროსახელისუფლებო წრის გაბრაზება გამოიწვია. არის თუ არა რაიმე სახის უთანხმოება ამ ორ მთავრობას შორის და რამდენად შეიძლება განვითარდეს ეს უთანხმოება?

შტეფან მაისტერი: დიახ, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, მიუხედავად ამ დიდი მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობებისა, რამდენიმე საკითხზე უთანხმოება არსებობს.

არა მგონია, რომ თურქეთს, - რომელიც საკვანძო ქვეყანაა, - ჰქონდეს ინტერესი, რომ მის აღმოსავლეთ საზღვრებზე მდებარე ქვეყანა, სომხეთი გაქრეს. არ მგონია, რომ მოსწონდეს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი მუდმივი მუქარა აზერბაიჯანის მხრიდან. ეს მომისმენია თურქეთში ექსპერტებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ კონტექსტს. მათ ეს არ მოსწონთ.

რადიო თავისუფლება: რატომ? თურქეთი ხომ სარგებელს მიიღებდა „ზანგეზურის დერეფნით“? გზით, რომელიც, აზერბაიჯანს თავის ექსკლავ ნახიჭევანთან აკავშირებს, და თან დამატებით, პირდაპირ დააკავშირებდა თურქეთს ცენტრალურ აზიასთან.

შტეფან მაისტერი: მათ ასევე შეეძლოთ, საზღვარი გაეხსნათ სომხეთთან. და სარგებელსაც მიიღებდნენ. ახლა მგონი დერეფანი აღარც არის იმდენად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ თუკი რეგიონში მუდმივად ცვლი საზღვრებს, მთელი რეგიონისთვის ქმნი პრობლემებს. უფრო ფართო სურათში ასეა. და თუ ცენტრალურ აზიასთან შენი კავშირების, ტრანზიტისა და ვაჭრობისათვის სტაბილურობა გსურს, გჭირდება ფუნქციური სამშვიდობო შეთანხმება. მე ვერ ვხედავ, რომ ბაქო ამაზე მუშაობდეს.

ასე რომ, უთანხმოებებს შორის ალბათ ესეც არის. ასევე, გეთანხმებით, ისრაელთან დაკავშირებითაც არის უთანხმოება. და, გარდა ამისა, თურქეთი უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი რუსეთის მიმართ, რუსეთთან თანამშრომლობის მიმართ. აზერბაიჯანი კი - პირიქით. უფრო სწორად, [თურქეთის რუსეთისადმი დამოკიდებულების გამო] აქაც ვაჭრობს, რომ თურქეთისგან მეტი სარგებელი მიიღოს.

ტრადიციულად ძლიერი თანამშრომლობა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის ყველაფერზე თანხმდებიან.

ვფიქრობ იმასაც, რომ თურქეთთან ევროპის მეტი ჩართულობაა შესაძლებელი - რეგიონში სტაბილიზაციის მიზნით, როგორც რუსეთის, ასევე ირანის შეკავების მიზნით. და ეს პერსპექტივა ევროპელებს საკმარისად არ აქვთ შესწავლილი.

ვხედავ შესაძლებლობას სომხეთისთვისაც, რომ ითანამშრომლოს თურქეთთან, თუნდაც გარკვეული ლიმიტებით…

რადიო თავისუფლება: რამდენად მოახერხებენ ნიკოლ ფაშინიანი და სომხეთი, რომ სომეხთა გენოციდის საკითხი უკანა პლანზე გადასწიონ? მით უმეტეს, ყარაბაღის საკითხში მარცხის შემდეგ.

შტეფან მაისტერი: ნიკოლ ფაშინიანი არის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ თვალსაზრისით რეალურად აკეთებს „რეალპოლიტიკას“. იგი მუდმივად შეახსენებს დიასპორას, რომელიც მუდმივად გენოციდის საკითხზე აპელირებს, ჩვენ აქ, რეგიონში, ადგილზე ვცხოვრობთ, საქმე მეზობელს ეხება და მეზობლებთან პრობლემები უნდა მოვაგვაროთო. თურქეთი კი საკვანძო მეზობელია. დიდი მეზობელი. როგორმე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

და, მოკლედ დავამატებ, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, თურქეთს შეუძლია შეცვალოს მთელი თამაში რეგიონში.

რადიო თავისუფლება: აქამდე ჩვენ ძირითადად რეგიონულ მოთამაშეებზე ვსაუბრობდით. თუმცა, არის კიდევ ერთი, ძალიან ამბიციური გლობალური მოთამაშე, რომელიც, როგორც ჩანს, ტესტავს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში შესვლას - ჩინეთი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 2023 წელს საქართველოსთან, 2024 წლის ივლისში კი აზერბაიჯანთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები. მონაწილეობას იღებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. რა სურს მას ამ რეგიონში?

შტეფან მაისტერი: ჩინეთი კავშირებადობაზე ფიქრობს; ფიქრობს, როგორ დაუკავშირდეს სხვადასხვა გზით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს, რესურსებს, ბაზრებს და როგორ მოახდინოს საკუთარი ნორმების ექსპორტი ამ ქსელების მეშვეობით; როგორ ააშენოს ინფრასტრუქტურა, - ის ფლობს ინფრასტრუქტურას და ყიდულობს საკვანძო პორტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ანაკლია კი შეიძლება გახდეს შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი.

სამხრეთი კავკასია ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ვაჭრობის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ყველა იმ პრობლემის გამო, რაც რუსეთის ჩრდილოეთის დერეფანს აქვს, ასევე, წითელ ზღვაში, ჰუთების მიერ შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, ჩინეთს სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციის და ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში ყოფნის ინტერესი აქვს. სურს ასევე კავშირები ირანთან, რომელიც ახლო ეკონომიკური პარტნიორია. და, რა თქმა უნდა, სურს დამატებითი კავშირები ევროპასთან.

ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: წარსულში ჩინეთმა სამხრეთ კავკასიაში მარცხი განიცადა. მას ბევრი საინვესტიციო პროექტი ჩაეშალა, და რეალურად ფაქტობრივად არც იყო შემოსული ამ ბაზარზე ბევრი მიმართულებით, რადგან ეს არ არის მარტივი გარემო.

მაგრამ ჩინეთი გრძელვადიან თამაშს თამაშობს. ის ისევ ცდის ბედს. ამჯერად სხვანაირად. და ვფიქრობ, ახლა სწორედ ამის მომსწრენი ვართ. ის ნელ-ნელა ამყარებს ურთიერთობას რეგიონის ქვეყნებთან.

თუ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთი დასუსტებულები არიან, ჩინეთი ამ რეგიონის სხვა მოთამაშეების ხარჯზეც შეიძლება მომძლავრდეს.

რადიო თავისუფლება: ვახსენეთ, რომ რეგიონის ექვსი ქვეყნიდან ზოგიერთი ეწინააღმდეგება „გარე ჩარევას“, არარეგიონული ძალების ჩართულობას. მათი ეს წინააღმდეგობა მხოლოდ დასავლურ ძალებს მიემართება თუ ჩინეთსაც?

შტეფან მაისტერი: ეს წინააღმდეგობა, ვფიქრობ, ნებისმიერ გარე აქტორს მიემართება. მათ - ყოველ შემთხვევაში, ამ სამ დიდ მოთამაშეს, რუსეთს, ირანსა და თურქეთს - დამოუკიდებლად სურთ რეგიონის პრობლემების გადაჭრა.

მაგრამ მათთვის ჩინეთის როლის ზრდა უფრო დასაშვები იქნებოდა, ვიდრე აშშ-ის ან ევროპისა.

იმიტომ, რომ ჩინეთი, მათ მსგავსად, ავტორიტარული სახელმწიფოა.

მათთვის უფრო მარტივია ავტორიტარიზმთან ურთიერთობა, ავტორიტარიზმის მიღება, - გაცილებით მარტივი ასატანი, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნების „ჩარევა“ მათ რეგიონში, - როგორც ისინი ამას უწოდებდნენ.

მათ ალბათ ეს ძალიანაც არ მოეწონებათ, მაგრამ შეეგუებიან, მიიღებენ; ჩინეთთან გარიგებებს დადებენ და მისგან სარგებლის მიღებასაც შეეცდებიან. უკვე აკეთებენ კიდეც ამას. რადგან დასუსტებულები არიან. ირანი დასუსტებულია. რუსეთი დასუსტებულია. ჩინეთი სარგებლობს ამ სისუსტით. მათ მოუწევთ კომპრომისზე წასვლა ჩინეთთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG