Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე პოლიციელი 7 წლის შემდეგ, მხოლოდ სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს


სტრასბურგი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა
სტრასბურგი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა

ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2024 წლის 14 ივნისს დააკავა შსს-ს სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი გ.ნ.

საქმე ეხება ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, 2024 წელს გადაიბარა.

გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი 2017 წლის 15 მაისს თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდა. ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა გ. ნ.-მ მას მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმლის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, ინსპექტორ-გამომძიებელი გ.ნ. რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანება მიიღო.

ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ევროსასამართლოში საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ „მომჩივნის საჩივარი ნაადრევი იყო“. მისი მტკიცებით, არ დადგენილა, რომ მჭედლიშვილის „გათავისუფლების შემდეგ მის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებს მიზეზობრივი კავშირი ჰქონოდა მის დაკავებასა და დაპატიმრებასთან“. მათ ასევე განაცხადეს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა აუცილებელი და პროპორციული იყო მის დასაკავებლად და, რომ ამ საქმის სისხლის სამართლის გამოძიება ეფექტიანი იყო.

როგორც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, მას არ შეუძლია, უგულებელყოს ის ფაქტი, რომ გამოძიებამ ვერ მოჰფინა ნათელი მომჩივნის, ვლადიმერ მჭედლიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებს. გამოძიების ექვსი წლის განმავლობაში გაჭიანურება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ხელისუფლებას არ დაუდგენია მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია, მათ შორის, თუ რა მოხდა მომჩივნის დაკავებასა და შემდგომ პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებას შორის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამედიცინო სასამართლო-ექსპერტიზისთვის არ უთხოვიათ, დაედგინა, შეიძლებოდა თუ არა მომჩივნის დაზიანებები მიყენებული ყოფილიყო დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის დროს, როგორც ეს ნაჩვენებია საქმის მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერებში. უფრო მეტიც, გამოძიებას არ შეუფასებია მომჩივნის მიერ დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის ინტენსივობა, პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების მასშტაბი ან რომელიმე ასეთი ზომის პროპორციულობა. დაბოლოს, სისხლის სამართლის გამოძიება ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, უმოქმედობის მნიშვნელოვანი პერიოდებით (მაგალითად, ვიდეომასალა, რომელსაც ეყრდნობოდა მთავრობა იმის მტკიცებით, რომ მომჩივანი დაშავდა დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევის დროს, ეროვნულ დონეზე განიხილებოდა შემთხვევის შემდეგ ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში)… სასამართლო ამ გაჭიანურებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს“, - წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა - ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია) პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა. მან დაასკვნა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ასპექტი.

საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ პოლიციის რიგები 2021 წელს დატოვა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით), რომელიც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას ვლადიმერ მჭედლიშვილისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ადვოკატი ანი ნასრაშვილი
ადვოკატი ანი ნასრაშვილი

რადიო თავისუფლება ესაუბრა ადვოკატ ანი ნასრაშვილს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს იცავდა. მან გვითხრა, რომ მჭედლიშვილის საქმე გამორჩეული იყო იმით, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა პოლიციელის პასუხისგებაში მისაცემად, თუმცა პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ბევრი საქმე გვქონია, როდესაც პოლიციის მხრიდან ცალსახად მოქალაქის ჩაგვრის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევა გახმაურებულა. როგორც წესი, მსგავსი ტიპის საქმეებში ძნელია ხოლმე მტკიცებულებების არქონის გამო ბრალის წაყენება პოლიციელის წინააღმდეგ, მაგრამ ეს საქმე იყო გამონაკლისი, იმიტომ, რომ არსებობდა მოწმეების ჩვენებები, ვიდეოჩანაწერი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ დაზარალებულს არანაირი ჩივილები არ ჰქონდა, სანამ პოლიციასთან შემხებლობა არ ექნებოდა. ვლადიმერ მჭედლიშვილს დაკავების შემდგომ ჰქონდა საკმაოდ მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ნეკნები ჰქონდა გატეხილი, - გვითხრა ანი ნასრაშვილმა. და განაგრძო, - გვქონდა მოლოდინი, რომ მყარი მტკიცებულების ფონზე პროკურატურა ვერ იტყოდა უარს სისხლისსამართლებრივ დევნის დაწყებაზე, ჩვენ მათთან ხანგრძლივი კომუნიკაციის განმავლობაში, დავინახეთ, რომ არანაირი პროგრესი არ იყო.

გამოძიება იყო გაყინული. ჩვენ მივმართავდით და გამოვთქვამდით ინიციატივებს, რომ რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინათ. საბოლოოდ, ჩემს პრაქტიკაში მართლა ყველაზე ცალსახა საქმე იყო, რომელშიც შესაძლებელი იყო გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ექვს თვეში პოლიციის თანამშრომლისთვის ბრალის წაყენება, თუმცა ასე არ მოხდა“.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ ეს საქმე, არამედ პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება, არის ლოიალური. „ამ ტიპის საქმეებში საბოლოო ბერკეტი არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“, - აღნიშნა მან.

ნასრაშვილი იხსენებს, რომ 2017 წელს არ არსებობდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურის გამოსაძიებელი იყო პოლიციელის საქმე.

„ვერ გეტყვით, რომ დღეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ეფექტიან რეაგირებას ახდენს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს პირდაპირ დაავალა, რომ გამოძიება წარმართონ და დამნაშავეები გამოკვეთონ. პრინციპში სხვა გზა არ ჰქონდათ და დააკავეს“, - დაამატა ადვოკატმა.

14 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ყოფილ ინსპექტორ-გამომძიებელს გ.ნ.-ს ბრალი წარუდგინა. პროკურატურა ყოფილი პოლიციელის პასუხისგებაში მიცემის მიზეზად ასახელებს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „სახელმწიფოს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დაეკისრა“.

2024 წლის აპრილ-მაისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 193 ადმინისტრაციული კოდექსით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.

დაკავებულების თითქმის ნახევარი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ საუბრობს სახალხო დამცველიც.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG