რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 11 ივნისს განაცხადა, რომ დაიწყო არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნების მეორე ეტაპი, რომელშიც ბელარუსის შეიარაღებული ძალების ნაწილებიც ჩაერთნენ და რუს სამხედროებთან ერთად „დაამუშავებენ” არასტრატეგიული ბირთვული იარაღის „საბრძოლო გამოყენების” საკითხებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სწავლების მიზანია პირადი შემადგენლობის და ტექნიკის მზადყოფნა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტმა პუტინმა პირველად 2023 წლის მარტში გამოაცხადა, რომ რუსეთი თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილს ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიტანდა. 2024 წლის აპრილში ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსში უკვე განთავსებულია „რუსეთის რამდენიმე ათეული ბირთვული იარაღი“.
რუსეთმა 6 მაისს განაცხადა, რომ ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნებს ჩაატარებს. 21 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო სარაკეტო შენაერთების წვრთნების პირველი ეტაპი, რაც მიზნად ისახავს არასტრატეგიული, იგივე ტაქტიკური ბირთვული იარაღის „მომზადების და გამოყენების საკითხების დამუშავებას“.
დღეს, 11 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლების პირველ ეტაპზე სარაკეტო შენაერთებმა და საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაციამ წვრთნებისთვის გამოიყენეს ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“ და აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალი“.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალი შენაერთები დისლოცირებული არიან როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის როსტოვის, კრასნოდარის, ასტრახანის, სტავროპოლის და ვოლგოგრადის ოლქებსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და სომხეთის ქალაქ გიუმრიში.
ფორუმი