რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩავიდა მინსკში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს ბელარუსის მმართველ ლუკაშენკასთან.
ბელარუსის და რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკა პუტინს მინსკის აეროპორტში დახვდა.
მოლაპარაკების დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ვიზიტისას განიხილავს ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში და ბელარუსის მონაწილეობას რუსეთის არასტრატეგიული(ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნებში.
პუტინის თანახმად, ბელარუსი ამ სწავლებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 21 მაისს განაცხადა, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქში დაიწყო სარაკეტო შენაერთების წვრთნების პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს არასტრატეგიული, იგივე ტაქტიკური ბირთვული იარაღის „მომზადების და გამოყენების საკითხების დამუშავებას“.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სარაკეტო შენაერთები და საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაცია წვრთნებისთვის გამოიყენებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს, „ისკანდერს“ და აერობალისტიკურ რაკეტებს, „კინჟალს“.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალი შენაერთები დისლოცირებული არიან როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის როსტოვის, კრასნოდარის, ასტრახანის, სტავროპოლის და ვოლგოგრადის ოლქებსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და სომხეთის ქალაქ გიუმრიში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად 6 მაისს განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა პუტინმა გენერალურ შტაბს დაავალა, საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად ჩაატაროს სარაკეტო შენაერთების სწავლება, რომელშიც ჩაერთვებიან ავიაცია და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ წვრთნები მიმართულია „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ, რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“.
ვის და რომელ განცხადებებს გულისხმობდნენ, დაკონკრეტებული არ ყოფილა. მანამდე რუსეთის ხელისუფლებისგან მწვავე რეაქციები მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოსაზრებას, რომ შესაძლებელია უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებას, რომ უკრაინის უფლებაა, ბრიტანეთისგან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.
ფორუმი