Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი არაკაცს უწოდებს სოსო ბერიკაშვილს, რომელიც მას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს


სოსო ბერიკაშვილი (მარცხნივ) და კახა შენგელია
სოსო ბერიკაშვილი (მარცხნივ) და კახა შენგელია

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილი დეკანი, ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ხელისუფლების კრიტიკისთვის, თუმცა ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია ჩაუწერეს.

"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).

როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).

თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას", - წერს ბერიკაშვილი.

სოსო ბერიკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ კოლეგები როგორც კავკასიის უნივერსიტეტიდან, ისე სხვა უნივერსიტეტებიდან. ამავე უნივერსიტეტის მედიასკოლის ლექტორი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე პროტესტის ნიშნად წყვეტს უნივერსიტეტთან თანამშრომლობას.

"კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი", - წერს ნიკო ნერგაძე, რომელიც ათ წელზე მეტია ამ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს.

უნივერსიტეტს ტოვებს ასევე ნინიკო რობაქიძე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტთან 2009 წლიდან თანამშრომლობს მიწვეული ლექტორის სტატუსით.

"უნივერსიტეტში ისეთ სტუდენტებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებმაც უფრო მეტი მასწავლეს, ვიდრე მე ვასწავლე მათ. ვამაყობ მათთან ჩემი ურთიერთობით, მათი წარმატებით. ვამაყობ მათი აქტიური მოქალაქეობით და მიზანსწრაფულობით, რაც ამ დღეებშიც არაერთხელ გამოჩნდა.

ამ წლების განმავლობაში ვკითხულობდი რამდენიმე საგანს, თუმცა სისტემატურად ვკითხულობდი "გამოხატვის თავისუფლების მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს". დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს", - წერს ის ფეისბუკის პირად გვერდზე.

უნივერსიტეტთან თანამშრომლობას წყვეტს ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილიც.

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს", - დაწერა მან ფეისბუკზე.

კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლაში ლექციების მომდევნო სემესტრიდან წაკითხვაზე უარს ამბობს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილიც. ის ოთხი წელია ამ უნივერსიტეტში მუშაობს.

"მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ", - წერს ჟურნალისტი ფეისბუკზე.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას. მას მივწერეთ, რომ გვაინტერესებდა მისი პოზიცია სოსო ბერიკაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომ რექტორმა ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა სამსახურიდან.

"სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი. სამწუხაროდ, დაემთხვა ამ სიტუაციას და ის ახლა იყენებს სათავისოდ, რომ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედლოს", - მოგვწერა კახა შენგელიამ.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რატომ დანიშნა არაკვალიფიციური კადრი დეკანად, მან გვიპასუხა: "როცა დაინიშნა, მაშინ ასე უცბად ვერ მიხვდებოდი, ადამიანი გამოდგება თუ არა."

კახა შენგელია განცხადების გავრცელებას აპირებს, მანამდე კი რადიო თავისუფლების კითხვაზე, იქნება თუ არა ეს პროცესი რეპუტაციულად დამაზიანებელი უნივერსიტეტისთვის, ამბობს, რომ იქნება და "ეს შედიოდა კიდევ [სოსო ბერიკაშვილის] მიზნებში."

კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების ფონია სტუდენტების გაფიცვა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის პარალელურად და რექტორთა კონფერენციის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტები პოლიტიკური პროცესებისგან თავისუფალი სივრცე უნდა იყოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG