საქართველოს უნივერსიტეტების რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები განცხადებით ეხმაურებიან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტს და სტუდენტების გაფიცვას. რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.
საბოლოო წერილი სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა 14 მაისს, მედიებმა წინა დღეს გაასაჯაროვეს - "ტაბულის" ინფორმაციით, ამ განცხადებაზე ხელმოსაწერად კოლეგები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დაიბარა. "ფორმულა" კი წერდა, რომ წერილის ტექსტი განათლების სამინისტროდან გაუგზავნეს რექტორებს და მათგან ხელმოწერა მოითხოვეს. აკადემიკოსი დავით გურგენიძე რადიო თავისუფლებასთან გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს და ამბობს, რომ ტექტი შედგა ადგილზე და ბევრჯერ შეიცვალა საბოლოო სახის მიღებამდე.
გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ აკადემიური სფერო პოლიტიკური პროცესების მიღმა უნდა რჩებოდეს და ლექტორები, რომლებიც არ ატარებენ ლექციებს, არღვევენ შრომით ხელშეკრულებებს.
"ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.
მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას.
თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში.
ტექსტი, რომელიც 14 მაისს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, თითქმის იდენტურია წინა დღეს მედიების მიერ გამოქვეყნებული წერილის ტექსტთან. ამ განცხადებას ხელს აწერს 38 უნივერსიტეტი - მათ შორის არ არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, ალტე უნივერსიტეტი, GIPA, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ვებსტერის უნივერსიტეტი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ალტერბრიჯი და საქართველოს უნივერსიტეტი. ამ უკანასკნელმა მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ერთი კვირით შეწყვიტა სასწავლო პროცესი.
რექტორების კონფერენციის განცხადებას ხელს აწერენ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ
19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
21. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
23. კავკასიის უნივერსიტეტი
24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი
29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი
31. ევროპის უნივერსიტეტი
32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
33. თბილისის თავისუფალი აკადემია
34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი
36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
ამ განცხადების ფონია 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვა - ახალგაზრდები თვლიან, რომ ქვეყანაში მიმდინარე მძლავრი საპროტესტო ტალღის პირობებში მათი ადგილი აქციებზეა და არა აუდიტორიებში.
"ქართული ოცნება" სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით დღეს, 14 მაისს, განიხილავს - სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება კენჭისყრაც.
ფორუმი