შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ უწყების თანამშრომლებს დღეს საღამოს საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ.
თავდაპირველად, 00:00 საათზე, საგანგებო განცხადებაში მინისტრის მოადგილე დარახველიძემ თქვა, რომ პოლიცია „პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს - წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
„დაინახეთ“?!
ბრიფინგზე ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელიც რეზინის ტყვიების გამოყენებას ეხებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია“.
„რა იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისროდნენ?! დაინახეთ?!" - შეუბრუნა მან კითხვა ჟურნალისტს და დასძინა: „პარლამენტის შესასვლელთან ჩვენ ვიყენებთ წიწაკის სპრეის და ცრემლმდენ გაზს“.
რადიო თავისუფლებამ შეაგროვა აქციაზე დაჭრილი ადამიანების ფოტომასალა და მონათხრობი. დემონსტრანტების ჭრილობები ჰგავს რეზინის ტყვიებით მიყენებულ დაზიანებებს. დაჭრილების გარდა, რადიო თავისუფლებამ რუსთაველის გამზირზე გადაიღო რეზინის ტყვიები.
აი, რვა შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტები რეზინის ტყვიების გამოყენებაზე საუბრობენ და დაზიანებები აღენიშნებათ:
შემთხვევა N1
1-დან 2 მაისის ღამეს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ერთ-ერთ დემონსტრანტს თვალი დაუზიანდა.
ახალგაზრდა კაცს სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული ჰქონდა.
მან დაზიანება, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით მიიღო ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარედ.
შემთხვევა N2
სავარაუდოდ, რეზინის ორი ტყვია მოხვდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ცოტნე კობერიძეს.
კობერიძის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას, სავარაუდოდ, სწორედ რეზინის ტყვიით აქვს მიყენებული ჭრილობა მარცხენა მკლავსა და მუცელზე.
შემთხვევა N3-4-5
რადიო თავისუფლებას მოქალაქე ირაკლი მილაძემ უთხრა, რომ მას ფეხზე მოხვდა რეზინის ტყვია.
გარდა ამისა, მან ფოტო გადაუღო შუა ხნის კაცს, რომელსაც მუცელში, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი და სისხლის მოსდის.
მან მოგვაწოდა თავის მიერ გადაღებული კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცს მკერდში, მარცხენა მხარეს აქვს დაზიანება, რომელიც რეზინის ტყვიისგან მიყენებულ დაზიანებას ჰგავს.
მილაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტყვიებს ისროდნენ პარლამენტის შიდა ეზოდან და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
შემთხვევა N6
რეზინის ტყვია ასხლეტით მოხვდა სააგენტო „როიტერსის“ რეპორტიორს, დავით ჩხიკვიშვილს.
მან ეს ინფორმაცია ადგილზე რადიო თავისუფლების რეპორტიორს დაუდასტურა.
შემთხვევა N7
მოქალაქე დავით ჩიბურდანიძე ამბობს, რომ აქციაზე სამი რეზინის ტყვია მოხვდა და მას დამიზნებით ესროლეს.
იგი ამის შესახებ "ინსტაგრამზე" წერს.
შემთხვევა N8
მოქალაქე კონსტანტინე ჩახუნაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მასაც ესროლეს რეზინის ტყვიები:
„ლაზერს ვანათებდი და ხელი მქონდა შუბლზე მიდებული... მაჯასთან მომარტყა. ანუ სახეში მიმიზნებდა. ხელმა აისხლიტა და ბარძაყშიც მომხვდა, თუ საზარდულში მიმიზნებდა, გონზე არ ვარ“, - ამბობს ის.
მან რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა ორი ფოტო, რომლებზეც ხელსა და ბარძაყში დაზიანების კვალი აღენიშნება:
მტკიცებულება N1
რეზინის ტყვიები გადაიღო რადიო თავისუფლების რეპორტიორმა გიორგი ჭუმბურიძემ.
მტკიცებულება N2
აქციაზე გამოყენებული რეზინის ტყვია „მედია აპრილის“ ფოტოგრაფმა ვახო ქარელმა გადაიღო.
მტკიცებულება N3
აქციაზე გამოყენებული რეზინის ტყვია გადაიღო ფეისბუქმომხმარებელმა გიორგი ჟამერაშვილმაც.
მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა მას უთხრა, რომ ეს ტყვია ასხლეტით მოხვდა.
რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო.
22:30-სთვის სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ ყველა სპეციალური საპოლიციო საშუალება: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
პირველ მაისს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, - ქუჩებში ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, - „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო - 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ.
წინა ღამეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურადაც გაუსწორდა.
„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
ფორუმი