Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მდინარაძემ „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით ხმა ვერ მისცა


მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, კვლავ 83 ხმით მიიღო. კენჭისყრას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე, მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მამუკა მდინარაძემ „სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა“.

პირველი მოსმენისგან განსხვავებით, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებით იმყოფება და ამიტომ დღეს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუმცა სხდომას დაესწრო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გივი ჭიჭინაძე, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომაზე არ იმყოფებოდა.

იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.

პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა. თითოეულ კენჭისყრაზე კანონპროექტის მისაღებად, საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG