83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. მუხლობრივი განხილვა მწვავე კამათით მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან გააძევა ოთხი დეპუტატი ოპოზიციიდან: თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, გიორგი ბოტკოველი და თინა ბოკუჩავა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეკითხვის დასმისას დეპუტატებს ხშირად უთიშავდა მიკროფონს და კონკრეტული მუხლის შესახებ ლაპარაკისკენ მოუწოდებდა. მან ერთ-ერთ მუხლზე მსჯელობისას დეპუტატებს დაზუსტების საშუალებაც არ მისცა.
განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხლა-შემოხლაც იყო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის მომხსენებელს შესთავაზა, რომ „უცხო ძალის“ ნაცვლად, ჩაეწერათ რუსეთი და მას ყველა დაუჭერს მხარს.
პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ გააპროტესტა კანონპროექტის ამოქმედების ვადები, რომლის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციის ვალდებულება ორგანიზაციებს ექნებათ 2023 წლის შემოსავლების მიხედვით. „გარდამავალი დებულება ითვალისწინებს, რომ კანონს მიეცეს უკუძალა... კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რომ არ შევიდეთ, ის არ უნდა შეეხოს შარშანდელ და შარშანწინდელ დაფინანსებას“, - თქვა შავგულიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის თქმით, საუკეთესო გამოსავალია, რომ კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან და არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტოს მისი ბედი.
მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა ოპონენტების არცერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა.
კანონპროექტის კენჭისყრას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მამუკა მდინარაძემ „სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა“.
პირველი მოსმენისგან განსხვავებით, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებით იმყოფება და ამიტომ დღეს, 1 მაისს, გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუმცა სხდომას დაესწრო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გივი ჭიჭინაძე, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომაზე არ იმყოფებოდა. საბოლოოდ, ისევე, როგორც პირველი მოსმენით გამართულ კენჭისყრაზე, კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატთა რაოდენობამ 83 შეადგინა.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს.
30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.
აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.
ფორუმი