Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ სრულად დაიკავა ქუჩა პარლამენტის უკანა გამოსასვლელთან - მოქალაქეებმა რუსთაველი გადაკეტეს


პოლიცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან
პოლიცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან

საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება. პოლიციამ საღამოს 7:30-სთვის სრულად დაიკავა ქუჩა პარლამენტის უკანა გამოსასვლელი, სადაც მოქალაქეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი გამოხატავდა პროტესტს. პარლამენტის უკანა გამოსასვლელთან მობილიზებული სამართალდამცველების უმეტესობა სპეცდანიშნულების რაზმების წევრები არიან - საპატრულო პოლიცია მხოლოდ რამდენიმე რიგად დგას მოქალაქეებსა და სპეცრაზმს შორის.

პარლამენტში სადავო კანონის განხილვის და მოქალაქეთა პროტესტის პარალელურად, განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც - უწყება დემონსტანტებს მოუწოდებს არ გადაკეტონ საავტომობილო გზები და არ სცადონ პარლამენტის პიკეტირება.

იმ დროს, როცა პარლამენტის უკანა გასასვლელი სრულად ჰქონდა პოლიციას დაკავებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერდა: „აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან. "

პარლამენტის უკანა გასასვლელის ჩაკეტვის პარალელურად, მოქალაქეები საღამოს 5 საათიდან იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ - საღამოს 7:50-სთვის რუსთაველი გადაკეტილია.

„აგენტების კანონი“, - ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით. პირველი მაისი მეორე დღეა, რაც პარლამენტი პლენარულ სესიაზე მას მეორე მოსმენით განიხილავს.

30 აპრილის ღამეს პოლიციამ კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაცია დაარბია. დაკავებულია 63 ადამიანი.

ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა აქციის ხუთ მონაწილესა და ექვს პოლიციელს. კადრებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არაერთი ფაქტი ჩანს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების“ ფაქტებზე მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG