ვიშეგრადის ჯგუფის (V4) - ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 21 მარტს პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო სამართალს და ისინი მხარს უჭერენ უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში.
„ეს სწორედ ისაა, რაც ამ მომენტში ჩვენ გვჭირდება. ჩეხეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ V4 ჩვენ ქვეყნებს შორის დიალოგისა და კონტაქტების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ჩეხეთის ინიციატივაზე, რაც მესამე ქვეყნებში უკრაინის არმიის დასახმარებლად 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენას ითვალისწინებს. „ვარშავა ამ ინიციატივას მხარს უჭერს, როგორც ფინანსურად, ისე ლოგისტიკურად“, - განაცხადა შიკორსკიმ.
ამ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს ეკუთვნის, ამჟამად უკვე გადახდილია პირველი ტრანში 300 ათასი ჭურვისთვის. Wall Street Journal-ის თანახმად, ყველაზე დიდი ფინანსური წილი გაიღო გერმანიამ.
მაგრამ სლოვაკეთი და უნგრეთი აცხადებენ, რომ არ უერთდებიან ჩეხეთის პრეზიდენტის ინიციატივას და არ აპირებენ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აღარ დავეხმაროთ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით და უპირატესობას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას ვანიჭებთ“, - განაცხადა პრაღის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა.
იგივე მოსაზრება გაიზიარა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად 2022 წლის ნოემბერში მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.
„დიპლომატიის არსი სწორედ ისაა, რომ ელაპარაკო მას, ვისაც არ ეთანხმები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსკოვთან დიპლომატიური არხების შენარჩუნებას და ვთანამშრომლობთ ისეთ სფეროებში, რომლებზეც არ ვრცელდება ევროკავშირის სანქციები“, - განაცხადა პეტერ სიიარტომ.
უკრაინის დახმარების გარდა პრაღაში ,ვიშეგრადის ჯგუფის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთდღიანი შეხვედრის მთავარი საკითხებია ენერგეტიკული უსაფრთხოება და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ცოტა ხნის წინ სახმელეთო საზღვრის კონტროლის გაძლიერება და დროებითი სასაზღვრო კონტროლის დაწესება მოჰყვა.
„ვიშეგრადის ოთხეული“ (ან, როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე, V4) ჯერ კიდევ 1991 წელს შეიქმნა და ერთ-ერთ უძველეს არაფორმალურ პოლიტიკურ ალიანსს წარმოადგენს ევროკავშირშიც და ნატოშიც.
თავდაპირველად V4 გახლდათ თანამშრომლობის პლატფორმა, რომლის დანიშნულება საბჭოთა მემკვიდრეობისაგან განთავისუფლება და ამ ოთხი ქვეყნის დასავლურ პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში გაერთიანება იყო. შემდეგ ის ანგარიშგასაწევ ძალად გარდაიქმნა ამავე პოლიტიკურ სტრუქტურებში. ერთად აღებული V4 65 მილიონ მოქალაქეს წარმოადგენს, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ევროპულ პოლიტიკაზე სხვადასხვა სფეროში: მიგრაციაში, სოფლის მეურნეობაში და საგარეო ურთიერთობებშიც კი.